კომ დე გაღსონი – ტრანსოფრმაცია და თავისუფლება დროსთან ერთად

რეი კავაკუბო იმ იშვიათ დიზაინერებს განეკუთვნება, რომლებმაც, როგორც ქალის ხაზით, ისე მამაკაცის სამოსით საკუთარი ხელწერა შექმნეს. კომ დე გაღსონის მამაკაცის კოლექცია ყოველთვის ფემინურობით გამოირჩევა, ფემინურობითა და ბალანსით, რომელიც სამოსს ნებისმიერი სქესისთვის სასურველს ხდის.

ამ სეზონზე კავაკუბოს შთაგონების წყარო ვირჯინია ვულფის ნოველა “ორლანდო” გახდა, სადაც მთავარი პერსონაჟი სამი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობს და ხან კაცად ევლინება ქვეყანას, ხან ქალად. რეი კავაკუბომ “ორლანდოს” დაწერის პერიოდიც გაითვალისწინა – მოდელებმა 20-იანი წლებში ქალებისთვის დამახასიათებელი თმის ვარცხნილობა მოირგეს, რომელიც ქალის მარგალიტის ყელსაბამთან იყო შეხამებული. როგორც ცნობილია, კავაკუბომ ვენის ოპერისგან მიიღო შეთავაზება, შეექმნა კოსტუმები Olga Neuwirth-ის მიერ ინტერპრეტირებული “ორლანდოსთის”, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

კოლექცია სრულად იხილეთ – Vogue

ენ დემულამესტერი – რომანტიკა სანაპირზე

სებასტიან მონიესთვის, რომელიც ენ დემულამესტერს სათავეში 2013 წლიდან უდგას, ამ სეზონზე შთაგონების წყარო რაიან ფასბენდერის ფილმი “ქერელი” გახდა. ფილმმა განაპირობა კოლექციის რომანტიკული განწყობაც, რომელიც ღია ფერებითა და დესტრუქციულ სამოსში გამოიხატა. “ქერელის” მთავარი გმირი მეზღვაურია, შესაბამისად, კოლექციაც მეზღვაურის სამოსის რეფერენსებით იყო დატვირთული, რომელსაც მონიემ ახალგაზრდული მიმზიდველობა და თანამედროვეობა შესძინა.

ჯუნია ვატანაბე – სამოსი ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის

ბოლო რამდენიმე სეზონია ასაკში შესვლა ვატანაბესთვის აქტუალურ თემად იქცა, რაც რაღაც მხრივ, გაურკვევლობას იწვევს დიზაინერისგან, რომელიც საოცარი გამბედაობითა და “ანტი” მიდგომით გამოირჩევა მოდაში. ვატანაბეს ქალისა და მამაკაცის ხაზები ერთმანეთის სრული ანტიპოდია და რამდენადაც გაბედული და რისკიანია დიზაინერი ქალის კოლექციებში, იმდენად მარტივსა და პრაქტიკულ სამოსს გვთავაზობს მამაკაცის ჩვენებებში. გასულ სეზონზე ვატანაბემ ჩვენება შუა ხნის მამაკაცებს მიუძღვნა, მოდელებიც შუა ხნის ასაკის მამაკაცები იყვნენ. ამ სეზონზე კი ახალგაზრდებისა და შუა ხნის მამაკაცების გვერდი-გვერდ წარმოჩენით დიზაინერმა სცადა დაემტკიცებინა, რომ სამოსის მოხდენა ადამიანის ასაკით არ განისაზაღვრება, მთავარია, ტანსაცმელში, რომელსაც ატარებ თავს კომფორტულად გრძნობდე.

კოლექცია სრულად იხილეთ – Vogue