პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში იოჯი იამამოტოს ჩვენება გაიმართა. ლეგენდარული იაპონელი დიზაინერი თავის ახალ კოლექციაზე მუშაობისას იმ ემიგრანტებსა და მოგზაურებზე ფიქრობდა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ადგილებში, ერთი კონტინენტიდან მეორეზე, ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურების წიაღში ინაცვლებდნენ. იოჯის ყურადღება, როგორც თავად ამბობს, “Mitteleuropa”-მ, აღმოსავლეთ ევროპამ და შუა აღმოსავლეთმა მიიპყრო.

პოდიუმზე მოდელებმა შინდისფერი, ლურჯი და მწვანე ხავერდის პიჯაკები, ჟაკარდის პალტოები და იაპონური დენიმის სამოსი წარადგინეს. კოლექციაში სხვა სიმბოლურ ელემენტებთან ერთად გამოყენებული იყო იკატის მოტივებით ორმხრივად დაპრინტული ქსოვილი, რომელიც აზიური და ევროპული კულტურების დიდი ხნის წინ დაწყებულ ურთიერთგამდიდრებას განასახიერებდა.

იოჯიმ თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინა კულტურების მახასიათებლების და მათ შორის არსებული კავშირის, რაც გამოყენებულ ქსოვილებსა თუ დეტალებში გამოავლინა.

“კულტურა ყველაფრის ნაზავია. მასალებისთვის საზღვრები არ არსებობს,” – განაცხადა იოჯიმ.

Yohji Yamamoto შემოდგომა/ზამთარი 2023 – მამაკაცის კოლექციის ჩვენება