
ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, გაზარდოს საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე, საფრანგეთის მასშტაბით უდიდესი პროტესტები მოჰყვა. პროტესტები ყოველ ხუთშაბათს ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იმართება, თუმცა ყველაზე დიდი პროტესტი, რა თქმა უნდა, პარიზშია.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძვირადღირებული მოდის კონგლომერატი, LVMH და განსაკუთრებით მისი გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო ფრანგულ საზოგადოებაში ბევრი კრიტიკის სამიზნეა. როდესაც მედიაში საუბარია სამუშაო ძალაში არათანაბარ გადანაწილებასა და დიდ წნეხზე,ქ ბერნარ არნოსა და მისი კომპანიების ძალაუფლებას გვერდს ვერავინ უვლის.

სწორედ აქედან გამომდინარე, 13 აპრილს გამართული აქციის ფარგლებში დემონსტრანტები მონტანის ქუჩაზე მდებარე LVMH-ის სათავო ოფისის პირველ სართულზე შეიჭრნენ. BFM-თან საუბარში პროტესტის ორგანიზატორმა აღნიშნულ ინციდენტს “მშვიდობიანი და სიმბოლური” პროტესტის გზა უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტები უკვე მე-12 კვირაა მიმდინარეობს, პარასკევს, 14 აპრილს, საფრანგეთის უზენაესი სასამართლო აპირებს საპენსიო ასაკის გაზრდის კანონპროექტის დამტკიცებას. ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც პარიზის გლამურულ Champs-Elysées-სა და სხვა ქუჩებიდან ვრცელდება, რომლებზეც აღბეჭდილია პროტესტების დროს დაშავებული ადამიანები, ცეცხლწაკიდებული სანაგვეები და ობიექტები, ბევრს 2018-19 წლებში ე.წ. “ყვითელი ჟილეტების” სიუჟეტს ახსენებს. “ყვითელი ჟილეტების” დროს გამართულ პროტესტებზე, პოლიციის სისასტიკის შედეგად 70-მდე ადამიანმა დაკარგა თვალი, ხოლო ათასობით სხვა ადამიანმა მიიღო სხეულის სხვა დაზიანებები.