მოდით წამიერად დავფიქრდეთ და საკუთარ თავებს დავუსვათ შეკითხვა: “2020 წლიდან გამომდინარე, მომავალი წლისთვის საკუთარი განწყობის დასახასიათებლად ერთი ფერის დასახელება რომ მოგვთხოვონ, რომელს ავირჩევდით?”

პასუხები, ალბათ, განსხვავებულ სურათს მოგვცემდა. ნაწილი ვიტყოდით, რომ ეს წელი მძიმე გამოდგა, მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის პანდემიამ, ჩვენს განწყობაზე იმოქმედა, ამიტომ სამყაროს მუქ ფერებში ვხედავთ. ნაწილი კი დასმულ შეკითხვას სხვაგვარად უპასუხებდა. ისინი იტყოდნენ, რომ ყველაფრის მიუხედავად უკეთესი მომავლის იმედი აქვთ, მას დიდი მოლოდინებით შეჰყურებენ, ამიტომ მათი ფერი ნათელია.

ფერების სამყაროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია Pantone 2021 წლის ფერებს ავლენს. ტრადიციულად ფერების ინსტიტუტი წელიწადში ერთხელ ერთ ფერს ასახელებს, მაგრამ იშვიათად გამონაკლისსაც უშვებს და ორ ფერს წარმოადგენს. კომპანიაში წელსაც ასეთი გამონაკლისი დაუშვეს. Pantone – ს 2021 წლის ფერები მკვეთრი ნაცრისფერი და კაშკაშა ყვითელია. ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოსული 17-5104 Ultimate Grey და 13-0647 Illuminating Yellow ყველაფერთან ერთად ისეთ ფილოსოფიურ დატვირთვას ატარებს, რომლის გამოც ეს არჩევანი ძალიან ბუნებრივად უნდა ჩავთვალოთ.

© Pantone

ნაცრისფერზე ფიქრისას მრავალ ადამიანს შესაძლოა უარყოფითი ასოციაციები უჩნდებოდეს, მოღრუბლული ცა ან წარსულიდან ცუდი მოვლენა აგონდებოდეს, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ასეთ მძიმე ტვირთს ატარებს ეს ფერი? Pantone – ს განმარტებით, ნაცრისფერი „სიძლირეს და სიმტკიცეს“ გამოხატავს. ყვითელი კი მრავალი ადამიანისთვის იმედს და დადებით განცდებს განასახიერებს. ამ ორი კონტრასტული ფერის კომბინირებით კი ზუსტად იმას ვიღებთ, რასაც მომავალი წელი ჩვენგან მოითხოვს – სიმტკიცეს და იმედს.

„წინ სინათლეს ვხედავთ. მთავარია უბრალოდ სიმტკიცე, მხნეობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ – ამ სიგნალს გვაძლევს Ultimate Grey 2021 წლისთვის. მომთმენები და დადებითად განწყობილები უნდა ვიყოთ, ვიცოდეთ, რომ დანიშნულების ადგილს მივაღწევთ.“

Laurie Pressman,  Pantone – ს ფერების ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი, Vogue, 2020.
Prada SS 2021, Balmain SS 2021 © Vogue

აქვე გავიხსენოთ, რომ Pantone – ს დასახელებული 2020 წლის ფერი კლასიკური ლურჯი იყო და ჩვენს თავებს კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვათ: “რა გვაგონდება ამ ფერზე ფიქრისას და ნამდვილად შეესაბამებოდა ის ჩვენს წელს?” დარწმუნებული ვარ, უმეტესობას ერთი პასუხი გვექნება.