ტალანტების სააგენტოს (ყოფილი სამოდელო სააგენტოს) Society Management-სა და ლეგენდარულ პამელა ანდერსონს შორის შეთანხმება შედგა. ამიერიდან, მსახიობის მოდაში მოღვაწეობას სწორედ “სოსაიეთი” განსაზღვრავს. შეგახსენებთ, რომ “სოსაიეთი მენეჯმენტი” Elite Model Management-ის ამერიკული ფილიალია.

“The Society Management-ისთვის დიდი პატივია პამელა ანდერსონის წარდგენა,” განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა WWD-სთან ექსკლუზიურ განცხადებაში, “პემი ინდუსტრიის აიქონია, მისი ხმა გადასწვდა თაობებს და კონტინენტებს, მისი როლები ისტორიას დარჩება. ჩვენ მოხარულები ვართ ვუწოდოთ მას ჩვენი გუნდის წევრი და ვიმუშაოთ მის მომავალ გეგმებზე სამოდელო ინდუსტრიაში.”

პამელა ანდერსონი “Pamela: A Love Story”-ს პრემიერაზე / პამელა ანდერსონი, როგორც სიჯეი “მაშველებში” (c) People

ანდერსონმა სახელი 1990-იანი წლების საკულტო სერიალში “მაშველებში” თამაშისას გაითქვა, სადაც ის სიჯეის როლს ასრულებდა, ასევე აღსანიშნია 1996 ფილმი “Barb Wire” და რა თქმა უნდა, Playboy-ს ფოტოსესიები.

ფანებმა ცოტა ხნის წინ პამელა სხვა მხრიდან დაინახეს, მას შემდეგ, რაც Netflix-ზე დოკუმენტური ფილმი “Pamela: A Love Story” გამოვიდა, რომელშიც მან პიროვნულ გამოწვევებზე, ტრავმებსა და ჰოლივუდზე ისაუბრა. ფილმმა ინტერნეტში დიდი გამოხმაურება დაიმახურა, ხოლო პამელამ ახალ თაობაში თაყვანისმცემლების არმია მოიპოვა.

რაც შეეხება მის ნაბიჯებს მოდაში, პამელა ცოტა ხნის წინ BOSS-ის ჩვენებაზე მაიამიში ვიხილეთ, იგი ასევე Heaven by Marc Jacobs-ის კამპანიაში მოხვდა, როგორც WWD-ს, Variety-ს, ჩეხური Vogue-ის, T Magazine-ისა და Dazed Magazine-ის ყდებზე.

პამელა ანდერსონი და ტომი ლი / პამელას წიგნის “სიყვარულით, პამელას” ყდა (c) TODAY

ანდერსონის კარიერა სცენაზე მოღვაწეობასაც მოიცავს, მათ შორის ის მიუზიკლში “ჩიკაგო” როქსის როლს ასრულებდა. ამასთან, იგი ავტორია ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის, სახელწოდებით – “სიყვარულით, პამელა.”

The Society Management მუშაობს მოდაში წამყვან სახეებთან, მათ შორის არიან: კარლი კლოსი, კენდალ ჯენერი, ჯოზეფინ სქრაივერი, ჯეიდენ და უილოუ სმიტები, ამბერ ვალეტა, ლიუ ვენი და ა.შ. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ პამელას მომავალ, სავარაუდოდ, დიდ ნაბიჯებს მოდაში.