ჰოლივუდში 40 წლიანი კარიერის შემდეგ, პამელა ანდერსონი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს პირველად დაესწრო. 56 წლის მსახიობის რელევანტურობა აღმავალ ტრაექტორიას 2022 წლიდან დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც Hulu-ს სტრიმინგ-სერვისზე მინისერიალი “პემი და ტომი” გამოვიდა, ამასთან 2023 წელს პამელამ ავტობიოგრაფიული წიგნი “Love, Pamela: A Memoir of Prose, Poetry, and Truth” გამოუშვა, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალ “მაშველების” სუპერვარსკვლავი 90-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მას აქამდე მოდასთან სერიოზული გადაკვეთა არ ჰქონია. თუმცა, “დაბრუნების” შემდეგ, პამელას რამდენიმე დიდი მოდური მომენტი ჰქონდა, მათ შორის ის BOSS-ის პოდიუმზეც ვიხილეთ.

წლევანდელ ღონისძიებაზე ანდერსონი ოსკარ დე ლა რენტამ შემოსა. აბრეშუმის კანისფერი კაბა ბრილიანტებითა და ბუმბულის თმის აქსესუარით იყო დამშვენებული. პამელამ “უმაკიაჟო” ტრადიციაც დაარღვია და საღამოს მსუბუქი მაკიაჟით ეწვია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლუქის ინსპირაცია პრინცესა მარგარეტის ერთ-ერთი კაბა იყო.