მოდის დაჯილდოებაზე, რომელსაც ხშირად ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებასაც უწოდებენ, 2023 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს. ტრადიციულად, წლის საერთაშორისო დიზაინერისა და ტოპ მოდელის კატეგორიები ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა. წლის საერთაშორისო დიზაინერად JW Anderson-ისა და Loewe-ს ირლანდიელი შემოქმედებითი დირექტორი, ჯონათან ანდერსონი დაასახელეს. საერთაშორისო ტოპ მოდელის ჯილდო კი, პლუს ზომის მოდელმა და აქტივისტმა, პალომა ელსესერმა მიიღო. ელსესერის გამარჯვებამ სოციალურ ქსელებში კამათი გამოიწვია.
ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ პალომას გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ Body Positivity მოძრაობის წახალისებით აიხსნება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ნომინირებულ ტოპ მოდელებთან შედარებით, ელსესერი პოდიუმზე, სარეკლამო კამპანიებსა თუ ჟურნალების გარეკანებზე საკმარისი სიხშირით არ გვინახავს. ინტერნეტში ვნებათაღელვამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ პამელა თავადაც გამოეხმაურა კრიტიკას და დაწერა: „მეგობრებო, მეც ანოკის გამარჯვება მსურდა.“

სამხრეთ სუდანელი ტოპ მოდელი, ანოკ იაი მაღალ მოდაში გასული თვეების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ვარსკვლავი იყო. ანოკმა მონაწილეობა მიიღო არაერთი ცნობილი ბრენდის ჩვენებაში, როგორც ნიუ-იორკში, ასევე ლონდონში, მილანსა და პარიზში, დაესწრო Met Gala-ს გახმაურებულ ღონისძიებას და დაიმსახურა საუკეთესოდ შემოსილ ვარსკვლავებს შორის ადგილი. ამ ყველაფრის შემდეგ, სუდანელი ტოპ მოდელის გამომწერების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა 2023 წლის საერთაშორისო ტოპ მოდელის სტატუსს სწორედ ანოკს უწინასწარმეტყველებდა.



აღსანიშნავია, რომ ანოკი ესწრებოდა 2023 წლის მოდის დაჯილდოებას ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში. დაჯილდოების დასრულების შემდეგ კი, ინსტაგრამზე, პალომას გამარჯვება მიულოცა: „ჩემთვის პატივი იყო ნომინანტად დასახელბა. ვულოცავ ჩემს თანა-ნომინანტებს, მხოლოდ მათ იციან რამხელა შრომას და თავგანწირვას მოითხოვს აქ მოხვედრა. და განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს გოგონას, პალომას! ვამაყობ შენით.“