ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდი სისწრაფით ცვლის ჩვენს ყოველდღიურ რეალობას. მალე მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს სხვადასხვა ინდუსტრიაში, გამონაკლისი არ არის მოდა. ახლახან, საერთაშორისო პრესისა და სოციალური ქსელების ყურადღება მიიქცია H&M-ის ინიციატივამ. სწრაფი მოდის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კომპანიამ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, 30 ტოპ მოდელის ციფრული კლონი შექმნა, რათა ისინი ონლაინ კომერციისთვის განკუთვნულ კამპანიებში გადაიღოს და არა მხოლოდ.
რას ნიშნავს ეს?
ამიერიდან, როდესაც H&M-ის ოფიციალურ საიტზე შეხვალთ და თქვენთვის სასურველი ლუქის შერჩევას დაიწყებთ, მოდელი, რომლის სხეულზეც წარმოდგენილი იქნება ტანისამოსი, არა ადამიანი, არამედ მისი AI ციფრული ორეული იქნება.

AI მოდელი არ იღლება, არც დროშია შეზღუდული, სულ ფორმაშია, არ სჭირდება სპეციალური ვარცხნილობა და მაკიაჟი, რაც ბრენდს დროსაც უზოგავს და თანხასაც, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ბრენდები მასობრივად გადაერთვებიან AI მოდელთან თანამშრომლობაზე? მოდელებთან ერთად, რა ბედი ეწევათ ვარცხნილობისა და მაკიაჟის სპეციალისტებს, რომლებიც გადაღებებზე მუშაობენ? მას შემდეგ, რაც H&M-მა ოფიციალურად დაადასტურა AI მოდელთან თანამშრომლობის დაწყება, კითხვები რა თქმა უნდა გაჩნდა და საზოგადოების აზრიც ორად გაიყო. ხელოვნური ინტელექტი რომ მოდის ინდუსტრიაშიც ბევრ პროფესიას განსხვავებულად განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს, ამაზე უკვე არავინ კამათობს, მაგრამ ალბათ იკითხავთ, ნუთუ ეს მართლაც არის სუპერმოდელების ეპოქის დასასრული?!

თუ არსებობს ერთი რამ, რაც მოდას განსაკუთრებულს ხდის, ეს ემოციური კავშირია. ემოცია, რომელიც მაყურებელში ჩნდება, როდესაც ნაომი კემპბელი პოდიუმზე გამოდის, პოზირების ხელოვნება, რაც დიზაინერის ტანისამოსს სიცოცხლეს სძენს და მას ხელოვნების ნიმუშად აქცევს, ეს ძალიან პირადი, ინდივიდუალური და ადამიანურია, ეს ქმნის ემოციურ კავშირს მომხმარებელთან, ამის ციფრული ტექნოლოგიით მთლიანად ჩანაცვლება მარტივი არ იქნება. თუმცა როდესაც საქმე ეხება არა პოდიუმს და ცოცხალ ინტერაქციას, არამედ ონლაინ შოპინგს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ AI რევოლუციას მოახდენს და ეს უკვე დაიწყო.
H&M-ის ციფრულ კლონებს შორის ერთ-ერთი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანია. მატილდა ხშირად თანამშრომლობს H&M-თან და ბრენდმა მისი ციფრული ორეული შექმნა, რომელსაც ონლაინ კომერციისთვის განკუთვნილ კამპანიებში ვიხილავთ. ტრადიციული მიდგომით, როდესაც მოდელი იწყებს ბრენდთან თანამშრომლობას, იგი აფორმებს კონტრაქტს, მიდის გადაღებაზე, ხდება გადაღება, რის შემდეგაც, ბრენდი იყენებს მოდელის ფოტო და ვიდეო მასალას სარეკლამო აქტივობებისთვის, მაგრამ ალბათ იკითხავთ, ახლა როდესაც H&M-ის ციფრული მატილდა ჰყავს, რომლის გამოსახულების გამოყენება ტექნიკურად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კამპანიაში, ნებისმიერ ფორმაში შეუძლია, ამ შემთხვევაში როგორ ხდება მოდელის უფლებების დაცვა?

H&M-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მოდელი ვისი ციფრული ორეულიც შეიქმნა, გამოსახულებაზე საკუთრების უფლებას თავად ფლობს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ბრენდმა გამოიყენოს მოდელის ციფრული ორეული, მათ კვლავ სჭირდებათ მოდელთან შეთანხმების გაფორმება. ამასთან ერთად, H&M-ს არ აქვს უფლება რომელიმე მოდელს აუკრძალოს სხვა ბრენდთან მსგავსი თანამშრომლობა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რაც უფრო მალე განვითარდება ტექნოლოგიები, მოდის ინდუსტრია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდება, აირჩიოს ავთენტური და ნამდვილი თუ გადაერთოს მთლიანად ციფრულ ალტერნატივაზე? ალბათ პასუხი, ბალანსში იქნება და საბოლოოდ, მოდაც განვითარების ჰიბრიდულ მოდელს შეარჩევს, თუმცა ერთი რამ ცხადია – ეს თემა ჯერ მხოლოდ იწყება.