ორწლიანი რენოვაციის შემდეგ, პირველ ოქტომბერს, პარიზში Palais Galliera ახალი სტატუსით გაიხსნა. Palais Galliera სივრცე მოდის მუდმივ მუზეუმად გადაკეთდა. პროექტი საფრანგეთის დედაქალაქის ადგილობრივი მთავრობის და Chanel-ის სახლის დაფინანსებით განხორციელდა და მის რენოვაციაზე 10 მილიონი ევრო დაიხარჯა. Palais Galliera ამიერიდან, ინდუსტრიის ისტორიაში მნიშვნელოვანი დიზაინერების, მოდის სახლების თუ სხვადასხვა საკულტო ჩვენების თემატურ გამოფენებს და მუდმივ ექსპოზიციებს წარმოადგენს.
მუზეუმი ლეგენდარული დიზაინერის კოკო შანელის რეტროსპექტივით გაიხსნა. Gabrielle Chanel: Manifeste de Mode – ასე ეწოდება გამოფენას, რომლის ფარგლებში 350-მდე ექსპონატია წარმოდგენილი. გამოფენა 10 თემატურ სექციად დაიყო. ექსპოზიციამ გააერთიანა გასულ საუკუნეში კოკო შანელის შექმნილი ნამუშევრები. ექსპონატები არის დიზაინერის პირადი, ასევე მოდის სახლ Chanel-ის არქივიდან. გარდა ამისა, Gabrielle Chanel: Manifeste de Mode-ის ფარგლებში გამოიფინა თავად მუზეუმის საარქივო მოდელები და ასევე უნიკალური ნიმუშები პირადი კოლექციებიდან.
წარმოდგენილი ნიმუშები 1921 წლიდან, მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდეა შექმნილი, თუმცა, პროექტის ფარგლებში, კოსტიუმებს რესტავრაცია ჩაუტარდათ, რის გამოც ისინი ექსპოზიციაზე იდეალურ მდგომარეობაშია წარმოდგენილი.
გამოფენა ვიზუალურად და კონცეპტუალურად საკმაოდ საინტერესოა, მაგალითად – ლეგენდარული სუნამოს Chanel No. 5-ის 1921 წლის ბოთლი წარმოდგენილია მერლინ მონროს ინტერვიუს აუდიო ჩანაწერის თანხლებით.