ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ლოს ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე 2024 წლის Golden Globe-ის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა. ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი Oppenheimer გახდა, რომელიც წლის საუკეთესო დრამად დასახელდა. 2023 წლის კინო ჰიტად ქცეულმა ფილმმა Barbie-მ კი, კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატების კატეგორიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება Oppenheimer-ს, აღსანიშნავია, რომ გარდა მთავარი კატეგორიისა, კინოსურათმა არაერთ სხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სწორედ Oppenheimer-ის რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანმა მიიღო. საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი, ასევე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, კილიან მერფიმ გაიმარჯვა. 

დაჯილდოების ერთ-ერთი გამოკვეთილი ნომინანტი აღმოჩნდა იორგოს ლანთიმოსის ფილმი Poor Things, რომელიც გახდა გამარჯვებული კატეგორიისა – “საუკეთესო მხატვრული ფილმი — კომედია ან მიუზიკლი”. სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისათვის მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ემა სტოუნმა.

აღსანიშნავია საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაც, რომელშიც გამარჯვებულად საკულტო იაპონური ანიმაციური სტუდია Ghibli-ის დამფუძნებლის, რეჟისორ ჰაიაო მიაძაკის ბოლო ნამუშევარი, The Boy and the Heron დასახელდა. 

დაჯილდოებაზე გამოვლინდა გასული წლის რჩეული სატელევიზიო შოუებიც. განსხვავებული ჟანრების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები  გახდნენ სერიალები: Succession, The Bear, Beef. 

უნდა აღინიშნოს, რომ Golden Globe-ის დაჯილდოება გრეტა გერვიგის Barbie-სათვის ისეთივე წარმატებული არ ყოფილა, როგორც გასულ წელს მისი კომერციული წარმატება და აქტუალობა. თუმცა, ჟიურიმ ფილმის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მუსიკალური გაფორმება მიიჩნია და ბილი აილიშს სიმღერისათვის “What was I Made For?” საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო გადასცა. 

2024 წლის Golden Globe-ის სრული სია იხილეთ დაჯილდოების ოფიციალურ საიტზე.