
ენდი უორჰოლი კრისტოფერ მაკოსის მუზა იყო და მის ობიექტივში ხშირად მოქცეულა. თავად ფოტოგრაფი კი მისი ახლო მეგობარი და 1976-დან 1986 წლამდე ენდის სახელგანთქმული სტუდიის, The Factory-ს, წევრი გახლდათ. არაერთ საერთო პროექტს შორის არის ქრისტოფერის სამხატვრო ხელმძღვანელობით გამოცემული ენდის ფოტოების პირველი კრებული – “Exposures” და ცნობილი კოლაბორაციული წიგნი “Altered Images.”
WWD-ს ცნობით, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე Ralph Pucci International-ის ორგანიზებით ენდის მოდელობის ფაზისადმი მიძღვილი გამოფენა მოეწყობა, სივრცეში წარმოდგენილი კრისტოფერის გადაღებული ფოტოები კი სწორედ პოპ არტისტის ცხოვრებაში ამ ნაკლებად ცნობილ პერიოდს ასახავს. “ენდის და მე ექვსი გადაღება გვქონდა, რათა მისი სამოდელო წიგნი შეგვედგინა. ისინი პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ მოდასთან,” – ამბობს ფოტოგრაფი. გამოფენა ეფუძნება გასულ წელს კრისტოფერის გამოქვეყნებულ წიგნს, სახელწოდებით: “Andy Modeling Portfolio Makos.”

“ენდის სამოდელო კარიერა პოტენციალს ამჟღავნებდა, რასაც მოწმობს მისი შესრულებული სამუშაო Braniff Airlines-ისთვის, Drexel Burnham-ისთვის, Sony Beta Tapes-ისთვის, Pioneer High Fidelity Receivers-ისთვის, L.A. Eyeworks-ისთვის, U.S. News & World Report-ისთვის, Vidal Sassoon-ითვის, Air France-ისთვის, და რასაც თვითონაც ვერ ვიჯერებ, Sub-Zero-ს მაცივრებისთვის,” – წერს ფოტოგრაფი თავის წიგნში.
გამოფენაზე შესაძლებელი იქნება რვა დიდი ზომის ფოტოსურათის ხილვა. წარმოდგენილ ფოტო-მასალას შორის ერთ-ერთი არის კადრი, სახელწოდებით “The Three Andys,” რომელზეც არტისტი ელვის პრესლის პოზაშია აღბეჭდილი.
“კადრს მიღმა პორტრეტებზე ამერიკის ყველაზე ცნობილი არტისტი ასახულია, როგორც აბსოლუტურად მოუქნელი მოდელი – მაგრამ ეფექტი ზუსტად არის მიღწეული,” – ამბობს ფოტოგრაფი გამოფენაზე საუბრისას. “ის ექსცენტრიული, საინტერესო, პოპულარული, თავისებური იყო – ყველაფერი, რაც ხელოვანს ხელოვანად აქცევს. ეს ფოტოგრაფები ენდის ზუსტად ასახავს. ენდის უყვარდა როცა იღებდნენ. ის აუთსაიდერი იყო, ბიჭი პიტსბურგიდან, რომელსაც უნდოდა, რომ ყველას მიეღო. ყოველთვის ვარჯიშობდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო კამერის წინ, საკუთარი თავში მუდამ დარწმუნებული იყო.”
გამოფენის გახსნა დღეს იგეგმება და მისი მონახულება დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.