2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ნიუ-იორკის მოდის კვირეული 8 სექტემბერს დაიწყება და ექვსი დღის განმავლობაში გაიმართება. CFDA-ს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განრიგში ვხვდებით 71 დადასტურებული დიზაინერის სახელს, მათ შორის: Dion Lee-ს, Tory Burch-ს, Eckhaus Latta-ს, Proenza Schouler-ს, Michael Kors-ს, Carolina Herrera-ს, Anna Sui-ს, Willy Chavarria-ს და Ralph Lauren-ს, რომელიც 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში პირველად გამართავს ჩვენებას.
კვირეული პიტერ დოს Helmut Lang-ისთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. თანამედროვე ამერიკული მოდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წარმომადგენელი ჰელმუტ ლენგის დაარსებული საკულტო მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად მაისში დაინიშნა. ახალ ამპლუაში ის პასუხისმგებელია Helmut Lang-ის როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციებზე.
“მოხარულები ვართ, რომ პიტერ დო Helmut Lang-ს კრეატიული დირექტორად უერთდება,” – აღნიშნული იყო Helmut Lang-ის აღმასრულებელი დირექტორის, დინეშ ტანდონის, განცხადებაში, როდესაც სიახლის შესახებ პირველად გახდა ცნობილი. “დიზაინის მიმართ მისი მკაფიო და ინოვაციური მიდგომა ბრენდის ეთოსსა და მემკვიდრეობასთან თანხვედრაშია. მდიდრულ მოდის სახლებში და საკუთარ ბრენდში მიღებული გამოცდილება მას ამ როლისთვის ბუნებრივ არჩევანად აქცევს.”
თავად პიტერმა კი თავისი ახალი პოზიციის შესახებ განაცხადა, რომ ამას დიდ პატივად მიიჩნევს და მისთვის ამაღელვებელია მოდის სახლის მემკვიდრეობის შესწავლა და ახალი, ენერგიული სამოსის შექმნა. “რადიკალურ აზროვნებას არავინ განასახიერებდა ისე გადაჭრით, როგორც ჰელმუტ ლენგი,” – თქვა მან.
პიტერმა თავისი სახელობის ბრენდი 2018 წელს შექმნა და ინდუსტრიაში ამომავალი ვარსკვლავის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 2014 წელს ნიუ-იორკის Fashion Institute of Technology-ს დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერად დაარსებული კონკურსის, LVMH Prize-ის, გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც Celine-ში ფიბი ფაილოს დაქვემდებარების ქვეშ დაიწყო მუშაობა. სამუშაო გამოცდილება ასევე მიღებული აქვს Derek Lam-ში.
Peter Do გაზაფხული/ზაფხული 2022 © George Chinese / WWD
ნიუ-იორკის მოდის კვირეული 13 სექტემბერს CFDA-ს 2022 წლის მოდის დაჯილდოების აქსესუარების დიზაინერის კატეგორიაში გამარჯვებული ბრენდის, LUAR-ის, ჩვენებით დაიხურება.