მხოლოდ სამი წლის შემდეგ, რაშემი ბოთერის და ლიზ ერებრუს შემოქმედებითი დუეტი Nina Ricci-ის ემშვიდობება. როგორც ვკითხულობთ, მოდის სახლმა და დიზაინერებმა თანამშრომლობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

ბოთერი და ერებრუ შემოქმედებითი დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის მიწურულს დაინიშნენ, მას შემდეგ, რაც Hyères-ის მოდის და ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

“Nina Ricci მადლობას უხდის ლიზის და რაშემის ბრენდის კოლექციების პოეტური ინტერპრეტაციებისთვის, რამაც ნინა რიჩის ახალი მიდგომა და თანამედროვეობის შეგრძნება მოუტანა. მათ დიდ წარმატებას ვუსურებთ ნიჭის საკუთარ ბრენდში წარმოჩენაში და მოუთმენლად ველით ნინა რიჩის ახალი შემოქმედებითი და ინოვაციური მიმართულების გახსნას,” – ნათქვამია მოდის სახლის განცხადებაში.

ახალგაზრდა დიზაინერებს აქვთ მამაკაცის სამოსის საკუთარი ბრენდი – Botter, რომელმაც პირველი აღიარება LVMH Prize-ის პრესტიჟულ კონკურსზე დაიმსახურა.