ის განსხვავებული, ინტელექტუალური და სენსიტიური ხედვა, რომელსაც ოთხმოციან წლებში იოჯი იამამოტოს ინოვაციური კატალოგები ამჟღავნებდა, კვლავ განსაკუთრებული და ამაღელვებელია. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელ Marc Ascoli – ის, გრაფიკულ დიზაინერ Peter Saville – ის და ფოტოგრაფ Nick Knight – ის მიერ იქმნებოდა.

ნიკი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი ფოტოგრაფია, მაგრამ როცა იოჯისთვის კომერციული კატალოგების შექმნაზე მუშაობა დაიწყო, კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა და მის რეზიუმეში განსაკუთრებით აღსანიშნავი Skinhead – ებზე გამოცემული წიგნი იყო. მოდურ პროექტებზე გადართვა მის გეგმებში შედიოდა და მოდის ინდუსტრიიდან ნაითის პირველი მნიშვნელოვანი კლიენტი სწორედ იამამოტო გახლდათ. ამ სამი ძალის გაერთიანება ნიკის მხრიდან პიტერის მიმართვით დაიწყო, როდესაც ფოტოგრაფმა გრაფიკულ დიზაინერს სავიზიტო ბარათის დამზადება სთხოვა. შემდეგ მას მარკი გააცნო, რომელიც იოჯისთან ექვსი სეზონის განმავლობაში თანამშრომლობდა, მერე კი მათ ერთად დაიწყეს იაპონელი დიზაინერესითვის ახალ პროექტზე მუშაობა და დანარჩენი უკვე ისტორიაა.

The Red Bustle, 1986

„პირველი ნაბიჯი მომზადებაა — მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დრო მისცე, რომ იფიქრო, ყველა შესაძლებლობა შეისწავლო. ნიკი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენი შესრულებული სამუშაოს წარმატებას ხელი ამან შეუწყო… ვთვლი, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ უნიკალური იყო. ის ორი ავტორის შეჯახება იყო, იოჯის და ნიკის… იოჯისთან მიმართებაში, თუ რაღაც არ გამოგივიდა ეს სამყაროს დასასრული არ არის, ამიტომ წნეხის გარეშე და ცოტა უდარდელად ვმუშაობდი და მგონა, რომ ეს ძალიან დამეხმარა. საოცარი იყო ის ენერგია, რომელიც სიმარტივისგან მოდიოდა. არ არსებობდა პროტოკოლები, არანაირი პოლიტიკა.“

Marc Ascoli

Nick Knight – ის და Yohji Yamamoto – ს თანამშრომლობის შედეგად მიღებული ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საკულტო კადრი Suzie Smoking – ია.

© Nick Knight

ფოტო 1988 წელს არის გადაღებული და დიზაინერის ამავე წლის შემოდგომა/ზამთრის კატალოგის ნაწილია. მასზე იამამოტოს ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელი Susie Bick არტისტულ პოზაში სიგარეტით ხელში გვევლინება, არაჩვეულებრივი ფერთა პალიტრა კი სურათის ყურების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს.