2023 წლის იანვარში, თბილისში გამორჩეული კონცეფციის საშოპინგო სივრცე გაჩნდა. ჭავჭავაძის 46 ნომერში, გაიხსნა New Trend-ის Department Store, რომელმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერების უახლესი კოლექციები გააერთიანა. სივრცის შესახებ ჩვენ უკვე მოგიყევით, თუმცა ამ სტატიაში გვსურს, New Trend-ის, როგორც  ბრენდის  დიდი ისტორია გაგაცნოთ. 

New Trend სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების საქართველოში, მაღალი მოდის სახლების პირველ ოფიციალურ წარმომადგენლად იქცა. 

პოსტსაბჭოთა საქართველოში, როდესაც სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ჩვენი ქვეყანა სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდა მსოფლიოს განვითარებული ბირთვისგან. მაშინ, როცა ევროპასა და ამერიკაში მოდა გავლენიან ბიზნესად და პოპ კულტურის ნაწილად ჩამოყალიბდა, საქართველოში ამ სფეროზე  ინფორმაცია რთულად ხელმისაწვდომი იყო.  მიუხედავად რთული გარემოებებისა, მოდა ყოველთვის ჩვენ გვერდით არსებობს, რადგან ადამიანის ბუნებრივი სურვილია, გამორჩეულად და ლამაზად გამოიყურებოდეს. 90-იან წლებში, რთულად, მაგრამ მაინც იშოვიდით დიზაინერების სამოსს, თუმცა მხოლოდ გადამყიდველებისაგან. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მოდელები ახალი კოლექციებიდან არ იყო. სწორედ ამ დროს, ქართველმა მოდის მოყვარულმა და ენთუზიასტმა ქალმა მიზნად დაისახა, რომ წამყვანი მოდის სახლების ახალი კოლექციები საქართველოში ოფიციალური ლიცენზიით შემოეტანა. ასე შექმნა ნონა მაჭავარიანმა  New Trend-ის ისტორია, რომელიც სათავეს 1998 წლიდან იღებს.

© New Trend

„2000 წლის დასაწყისში, გარშემომყოფთათვის წარმოუდგენელი იყო, რომ ისეთი ცნობილი ბრენდების შემოტანას შევძლებდით, როგორებიც  არის: ARMANI, GUCCI, Prada, MIU MIU, YOHJI YAMAMOTO, COMME des GARÇONS. პირადად მე არ დამავიწყდება ჩემი ემოცია, როცა 2000 წელს, პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ, მილანში ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ Via Monte Napoleone-ს ვიტრინებში მანეკენებს იგივე სამოსი ეცვათ, რაც ჩვენს მაღაზიებში ეკიდა.“ – აღნიშნავს New Trend-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნონა მაჭავარიანი ჩვენთან საუბრისას. 

როგორც ახლა ამბობს, წარმატებული ბიზნესის შთაგონება, ისევ და ისევ, მოდის ჯადოსნური სამყარო აღმოჩნდა. სტილის შეგრძნებამ, მოდის ინდუსტრიის შესახებ დიდმა ცოდნამ და სურვილმა, რომ მშობლიურ ქალაქში შესძლებოდა საყვარელი დიზაინერების სამოსის ყიდვა, მას ამბიციური მიზნის დასახვისაკენ უბიძგა. 

© New Trend

„მაშინ ინტერნეტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი მონაპოვარი იყო. მახსოვს, როგორ ვაგზავნიდი მეილებს მოდის სახლებთან.

როდესაც PRADA-სთან შეხვედრა შედგა, ჩემი გაგზავნილი ათობით უპასუხო მეილი ამობეჭდილი მოიტანეს. საკმაოდ მოულოდნელი იყო ამის დანახვა. ძალიან რთული გზა გავიარეთ, რომ ეს მოდის სახლები ქართული ბაზრით დაგვეინტერესებინა. მოლაპარაკებისას, ამ ბრენდების წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ ხშირად არაფერი იცოდნენ. ჩვენი პირველი პარტნიორობა ARMANI-ის მოდის სახლთან შედგა. როდესაც ასეთი დიდი სახელი გვენდო, ამან უკვე ბევრი რამ გაამარტივა.“

– ნონა მაჭავარიანი. 

2003  წლამდე, კომპანიას თბილისში სხვადასხვა ბრენდული მაღაზია ჰქონდა. 2003-ში ყველა ეს სივრცე ერთი ბრენდის  – New Trend-ის სახელის ქვეშ გაერთიანდა. წლიდან წლამდე, New Trend მომხმარებელთან ერთად, ვითარდებოდა და იცვლებოდა. მოდის ტენდენციებისა და სტილის ტრენდებზე დაკვირვებამ  განაპირობა წარმოდგენილი ბრენდების ცვლაც. მომხმარებელთან მუდმივმა კომუნიკაციამ კი,  New Trend-ის მუდმივი რელევანტურობა და აქტუალობა განაპირობა.  

© New Trend

საბოლოოდ, New Trend-მა ახალი ისტორია დაიწყო და სწორედ ასე გაჩნდა განახლებული კონცეფციის სივრცე. New Trend-ის Department Store 1000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. დახვეწილი ინტერიერი, თითოეული ბრენდის განყოფილების შესაბამისი კონცეპტუალური დიზაინი, მომსახურების მაღალი ხარისხი, ბრენდების მრავალფეროვნება – ეს ყველაფერი ნამდვილად გაგრძნობინებთ, რომ განსაკუთრებულ ადგილას მოხვდით. 

„გარდა უშუალოდ საშოპინგო გამოცდილებისა, გვინდა, ეს სივრცე მოდის მოყვარულთათვის კომფორტულ და აღმოჩენებით სავსე ადგილად იქცეს. გვსურს, ჩვენ სივრცეში შემოსულმა ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ აქ არა მხოლოდ გამორჩეული ტანისამოსს იყიდის, არამედ ასევე შეძლებს განსაკუთრებული საჩუქრების შერჩევას, სახლის ინტერიერისათვის ორიგინალური დეტალების აღმოჩენას და ასე შემდეგ.”

– ნონა მაჭავარიანი

© New Trend

New Trend-ის Department Store-ში წარმოდგენილი ბრენდების ჩამონათვალი, შთამბეჭდავია: MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG, AMI PARIS, COPERNI, MARNI, JW ANDERSON, R13,  DSQUARED, MSGM, SPORTMAX, ELEVENTY, JACOB COHEN, ZADIG & VOLTAIRE, EMPORIO ARMANI. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამდენი ცნობილი დიზაინერის  ოფიციალური მაღაზია იხსნება ერთდროულად და ერთ სივრცეში.


აღსანიშნავია, რომ New Trend-ის Department Store-ის სივრცე ხშირად დაეთმობა ქართველი ნიჭიერი არტისტების გამოფენებს, კოლაბორაციებს და საინტერესო სახელოვნებო პროექტებს.