სოციალური მედიის, “ინფლუენსერების”, სელებრითებისა და “მძიმე ლუქსის” ერაში, მაშინ, როდესაც უდიდესი მოდის სახლებიც კი, თითქოს თავგანწირვით ცდილობდნენ რელევანტურობის შენარჩუნებას და IT ნივთების შექმნას, დენიელ ლიმ, როგორც ეს ბრიტანულმა ვოგმა აღნიშნა, მოდაში ჩუმი რევოლუცია მოახდინა. “ჩუმი რევოლუციის” ან ახალი ბოტეგას ფენომენი, როგორც მას ხშირად ვუწოდებთ, 2018 წელს დაიწყო, როდესაც ამავე წლის 1 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ბრიტანელი დიზაინერის, დენიელ ლის ბოტეგა ვენეტაში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე დანიშნვის შესახებ. CSM-ის კურსდამთავრებულის, დენიელის გამოცდილებაში ვხვდებით ისეთ მოდის სახლებს, როგორებიცაა: Maison Margiela, Balenciaga, და რაც მთავარია, Céline ფიბი ფაილოს დროს. ამ უკანასკნელმა გარდამტეხი როლი ითამაშა ახალი ბოტეგას წარმატებაში.

2018 წელს მღელვარება ჯერ კიდევ დემნას ბალენსიაგასა და ვეტმანის გარშემო ტრიალებდა. უხეშმა, უტრირებულმა, კარიკატურულმა და უშნო მოდამ პიკს მიაღწია. ბალენსიაგას Triple S და Speed Trainer სნიკერებმა მთელს მსოფლიოს ამცნეს თავიანთი არსებობის შესახებ. ეს რევოლუცია ძალიან ხმაურიანი იყო. უპირველესად იმიტომ, რომ უჩვეულო იყო პარიზული “ანდერგრაუნდ” ბრენდის დიზაინერის მაღალი დონის ფრანგული მემკვიდრეული მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელად ხილვა. ხალხს აინტერესებდა, თუ რა შედეგს გამოიღებდა ასეთი ტანდემი. ყველას ჰქონდა გარკვეული მოლოდინი, არ აქვს მნიშვნელობა – კრახისა თუ ტრიუმფის – თუმცა ფაქტია, რომ დემნას ფენომენმა ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ბალენსიაგაში დემნამ მოახდინა რევოლუცია, თუმცა ეს იყო ხმამაღალი, ქაოტური, გიჟური, არანორმალური და ამბიციური რევოლუცია, რომელმაც მთელი მოდის სამყარო თავდაყირა დააყენა. დემნამ გვაიძულა დაგვეჯერებინა, რომ შეუხედავი სპორტული კედები ყველაზე ლამაზი და სასურველი ფეხსაცმელია, მათ შორის, რაც კი ოდესმე გვინახავს.

პარალელურად, მოდის ინდუსტრიაში, არსებობდა მეორე ძალა, რომლის სათავეში ფიბი ფაილოს სელინი იდგა, ეს იყო შედარებით ჩუმი, თუმცა უდავოდ ძალიან გავლენიანი მოძრაობა. ახლა უკვე საკულტო დიზაინერის, ფიბი ფაილოს კარიერული აპოთეოზი სელინში 2008 წელს დაიწყო. 10 წლის განმავლობაში, ფიბიმ უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ინდუსტრიაში, ისევე მის გარეთ. სელინის აქსესუარებისა და ტანსაცმლის თაყვანისმცემლები იყვნენ ყველა, მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები და სოლიდური გამოცდილების მქონე ადამიანები. ფიბის საიდუმლო მისი დიზაინის უბრალო, თუმცა გენიალური ვიზუალი იყო. ინტელექტუალური მოდის მოყვარულებს ესმოდათ, რომ ფიბის სელინი არ იყო უბრალოდ ტრენდი ან მომენტი, ეს იყო მარადიული მოდა, რომელიც სცდებოდა ნებისმიერ დროის მონაკვეთს და მათ გარდერობში სამუდამოდ დარჩებოდა.
2018 წელს, როდესაც ფაილომ Céline დატოვა, ცხადია, მსოფლიო გულგატეხილი დარჩა. ყველა იაზრებდა, რომ ფიბის სელინიდან წასვლით, მოდის ინდუსტრიამ დაკარგა დიზაინერი, რომელსაც ყველაზე გიჟურ და ხმაურიან დროსაც კი, შეუძლია შეინარჩუნოს სიმშვიდე და ინტელექტუალური მხარე. ქაოტური რევოლუციისა და ცუდი სიახლეების მომენტში (რასაც დაემატა სელინში ედი სლიმანის დანიშნვაც), ჰორიზონტზე ჩნდება ახალი სახე, ყველასათვის საყვარელი ფიბი ფაილოს პროტეჟე, დენიელ ლი, რომელსაც ქერინგმა იტალიური ლუქს ბრენდი, ბოტეგა ვენეტა ჩააბარა, ბოტეგა ვენეტა, რომელიც არარელევანტურობისგან წლები იტანჯებოდა და ელოდა თავის ვარსკვლავურ მომენტს.

“ჩუმი რევოლუცია” დენიელმა უმარტივესად დაიწყო – თეთრი მაისურით, თრენჩითა და 80-იანი წლების “ლორენის” ჩანთით. ლორენ ჰატონის საკულტო სტილი ფილმში “ამერიკელი ჟიგოლო”, რომელშიც მას პარტნიორობას რიჩარდ გირი უწევს, აღმოჩნდა ახალი ბოტეგას ბუმის ერთგვარი საწყისი წერტილი. ჩანთა “ლორენის” ვარიაციაა დენიელის უდიდესი ჰიტი “Pouch” ჩანთაც, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ დენიელის გენია არ არის რამე ახლის გამოგონება, ან რთული კონსტრუქცია-დეკონსტრუქცია. მისი გენია, ისევე როგორც ფიბის, არის მარტივი, ინტელექტუალური და მარადიულად მიმზიდველი დიზაინი ყველასთვის, რომელმაც მოგვცა საშუალება შვებით ამოგვესუნთქა და გვეთქვა, რომ “მოდაში დარჩა ადგილი ესთეტიკური სიამოვნებისთვის”. ახლა, როდესაც ყველამ ერთხმად აღიარა, რომ დენიელისა და ბოტეგას ტანდემმა გაამართლა, როდესაც პირველმა აფეთქებამ ჩაიარა, უფრო ადვილია გავიაზროთ, თუ რა არის რეალურად “ჩუმი რევოლუცია” ან “ახალი ბოტეგა”.

დენიელი ყოველთვის ძალიან მორცხვი და მორიდებული იყო, ბავშვობიდან სტუდენტობამდე, თუმცა სწავლის დამთავრების შემდეგ, თითქმის მომენტალურად მიიღო სამუშაო წამყვან მოდის სახლებში და 10 წლის განმავლობაში იძენდა გამოცდილებას. ფიბის სელინიდან წასვლის შემდეგ, ბრენდი მანაც დატოვა და დროებით არსად აღარ მუშაობდა, მოგზაურობდა და იმ დროს იაპონიაში იყო, როდესაც შეიტყო, რომ მასთან საუბარი ქერინგის დირექტორს, ფრანსუა-ანრი პინოს სურდა. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ განვითარდებოდა მომავალში მისი ცხოვრება და კარიერა. წითური მორცხვი ბიჭისთვის იორკშირიდან უდიდესი გამოწვევა იყო იტალური მოდის სახლის “ხელახლა გამოგონება”. მისი თქმით, რისკებზე წასვლისკენ ფრანსუა-ანრი ყოველთვის უბიძგებდა. ცნობილი ფაქტია, რომ პინო არასდროს იხევს უკან და რისკებზე ყოველთვის მიდის, მისთვის ბრენდის იდენტობის შეცვლა და სიახლეების შემოტანა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ახლა ეს რთული წარმოსადგენია, თუმცა დენიელს ბრძოლა მოუწია იმისთვის, რომ “Pouch” ჩანთა ეწარმოებინა, ამაზე დიზაინერმა თიმ ბლენქსთან ისაუბრა:
“[ჩანთაზე] არანაირი ლოგო არ იყო, მას არ ჰქონდა საკიდი. თითქოს ფუნქციურიც არ ჩანდა და მოუხერხებელი იყო. თუმცა ის ბრენდის იდენტობასთან ახლოს იყო. მაშინ, როდესაც ბოტეგა დაიწყო, მათ პირველებმა აწარმოეს მსუბუქი, რბილი ტყავის ჩანთები. “Pouch” ჩანთა შეხებისას ძალიან სასიამოვნო, რბილი და სენსუალურია, ისევე როგორც ფოტოგენური. მას თითქოს ბევრი განზომილება აქვს, ერთგვარი სიღრმე, ვინაიდან მასზე ნაკეცებია. რა თქმა უნდა, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ერაში, წარმატება სწორედ ფოტოგენურ ნივთებს აქვს”, ამბობს დიზაინერი.
და მართლაც, ჩანთა, რომელზეც არანაირი ლოგო ან/და “მყვირალა” განმასხვავებელი ნიშანი არ არის, გახდა ბრენდის სავიზიტო ბარათი და ნომერი პირველი ჰიტი სოციალურ ქსელებსა თუ სასურველი აქსესუარების რეიტინგებში. “ჩუმი რევოლუციის” სიჩუმე სწორედ ამაში მდგომარეობს, არანაირი ლოგო, არანაირი ფუფუნების დემონსტრირება. მხოლოდ “შიშველი” ესთეტიკა, სიმსუბუქე და სიმარტივე.

პირველი შეხედვით, ეს ყველაფერი დენიელის ჭკვიანური გათვლების შედეგია, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. დენიელს ჩანთა გადაღებისთვის სჭირდებოდა, სწორედ ასე შეიქმნა ეს აქსესუარი. “ალბათ მე უკანასკნელი ადამიანი ვიყავი, ვინს ამ ჩანთების წარმატების შესახებ შეიტყო”, იხსენებს დენიელი, “მგონი პირველი წელი საერთოდ ვიმალებოდი. ვერ დავიჯერე [ბრენდის წარმატება] მანამ, სანამ დეკემბერში ჯილდოები არ მივიღე (საუბარია 2019 წლის British Fashion Awards-ზე).” ბრიტანული მოდის დაჯილდოვებაზე დენიელმა 4 ნომინაციაში გაიმარჯვა, “წლის დიზაინერი”, “წლის ბრიტანელი დიზაინერი”, “წლის ბრენდი” და “წლის აქსესუარების დიზაინერი”.

დენიელ ლის წარმატება განაპირობა არა მხოლოდ მომენტის ხელსაყრელობამ. არა მხოლოდ იმან, რომ მოდაში ფიბის, ან ესთეტიკური სიამოვნების დეფიციტი იგრძნობოდა. ახალი ბოტეგას წარმატება გამოიწვია იმან, რომ ის ძალიან ემოციურია, გულახდილია, სექსუალურია, შესაბამისად, ის სასურველია. ისევე როგორც თავად დენიელი, მილენიალი, რომელიც არ იყენებს სოციალურ ქსელებს, მისი დიზაინიც თითქოს ექსკლუზიურია, უცხოა, ახალია და ყველასგან განსხვავებულია. დენიელს არასდროს ჰქონია მასშტაბური კამპანია სოციალურ ქსელებში ფოტოებით, რომლებზეც სელებრითები მისი აქსესუარებს ან სამოსს უწევენ დემონსტრირებას.
ეს ონლაინ ინფლუენსერების ერის ერთგვარი დასასრულია? შესაძლოა. ამ დროს უნდა შევკითხოთ თავს, გვინდა თუ არა ის ჩანთა, რომელიც კაილი ჯენერს აქვს მის ბოლო ინსტაგრამ პოსტში? ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია. გვინდა თუ არა დენიელ ლის ბოტეგას ჩანთა თუნდაც 2018 წლის კოლექციიდან? დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კითხვაზე პასუხების უმეტესობა იქნება: “რა თქმა უნდა”. ერთგვარი პასუხს დენიელი თავის კამპანიებითაც გვთავაზობს: შიშველ მიკა არგანარაზს არაფერი აცვია, გარდა ბოტეგას ფეხსაცმლისა – მათ გარდა თქვენ არაფერი გჭირდებათ.

ფაქტია, რომ დენიელ ლის ტრიუმფი სულ ახლახანს დაიწყო და საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება ის მომავალში. იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა ის ბრენდში დიდი ხანი, უდავოა, რომ მისმა დიზაინმა და ესთეტიკამ მოდის მოყვარულების გულებში უკვე დაიკავა განსაკუთრებული ადგილი. ამაზე უახლესი სტატისტიკაც მიუთითებს. 2020 წელს, როდესაც ბრენდები იხურება და პანდემიით გამოწვეული კრიზისი აზიანებს უდიდეს მოდის სახლებსაც კი, ბოტეგა ვენეტა განაგრძობს წინსვლას და გაყიდვები არ ეცემა. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – ახალი ბოტეგა არ არის უბრალოდ მომენტი, ახალი ბოტეგა მარადიულია.