ბოსტონში დაფუძნებული, ამერიკული სპორტული სამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის, New Balance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯო პრესტონმა WWD-ს ახალი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბრენდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჯო პრესტონი კომპანიაში 27 წლის განმავლობაში მუშაობს, ხოლო უმაღლეს, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2018 წელს დაინიშნა.

“აქ მუშაობა 1995 წელს დავიწყე, როდესაც კომპანიის შემოსავალი 150 მილიონი დოლარი იყო, უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 1995-დან 2000-2001 წლებში ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ და წლიური შემოსავალი მილიარდზე ავწიეთ [შტატებში], ხოლო შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო გაყიდვების გაზრდა იყო. 2 მილიარდამდე გასაზრდელად 9 წელი დაგვჭირდა, ხოლო მომდევნო 10 წელში, 4 მილიარდს გადავაჭარბეთ. კოვიდ-პანდემიამ კი, ისევ 3 მილიარდიან ბრუნვაზე დაგვაბრუნა.” – ამბობს პრესტონი, “თუმცა 2021 წელს გაყიდვები კვლავ გაიზარდა და ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ გადავაჭარბეთ კიდევაც და 5 მილიარდიან ბრუნვას გავცდით. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებზე შემოსავლის მხოლოდ 1/3-ი მოდის.”


ბრენდი ხშირად თანამშრომლობს Red Sox-ის ბოსტონელი ბეისბოლის ვარსკვლავებთან, სელებრითებთან, მათ შორის ჯეკ ჰარლოუსთან, ამასთან, ბოლო პერიოდში ნიუ ბალანსის სნიკერები ხშირად ჩნდება ქუჩის სტილის ვარსკვლავებსა და ტრენდსეტერებზე, განსაკუთრებით 530 და 550 მოდელები. შესაძლოა ეს 1990-იანებისა და 2000-იანების სტილის დაბრუნების ნაწილია. მაშინ, ნიუ ბალანსი პოპულარობის პიკზე იყო. პრესტონის თქმით, ის არ თვლის, რომ ნიუ ბალანსის “დაბრუნება” უბრალოდ ტრენდი ან დროებითია.



“ზრდის კუთხით, გრძელვადიანი გეგმა 2019 წელს გავწერეთ. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით რა გველოდა. გეგმა 2020 წელს განვაახლეთ და მიზნად 10 მილიარდიანი ბრუნვა დავისახეთ. მაშინ, თარიღი არ დაგვისახელებია, რადგან ახლაც რთულია დროის ჩარჩოების გამოყენება ასეთ ტურბულენტურ პერიოდში. ასე რომ, ჩვენ მომენტისთვის ხარისხის ზრდაზე, დისტრიბუციის გაუმჯობესებაზე და მომხმარებლებთან ურთიერთობაზე ვართ ფოკუსირებული. რეალისტური პროგნოზებით, მიზანს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მივაღწევთ,” – განაცხადა ჯო პრესტონმა.