22 წლის ამერიკელი მოდელი, ჰეილი ბიბერი მოდის კვირეულების 3 კვირიან მარათონზე არ გამოჩენილა, თუმცა ჰეილის საპატიო მიზეზი ჰქონდა. სექტემბრის მიწურულს ჰეილიმ და ჯასტინ ბიბერმა იქორწინეს, კიდევ ერთხელ!
ჰეილი და ჯასტინი ერთმანეთს თინეიჯერობიდან იცნობენ, თუმცა მათი რომანტიკული ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჯასტინის გარშემო სელენა გომეზის სასიყვარულო დრამა ჯერ კიდევ არ იყო განელებული. წყვილი მალევე დაშორდა, თუმცა 2018 წელს ისევ შერიგდნენ. მეტიც, გადაწყვიტეს ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ და ნიუ-იორკში სამოქალაქო ქორწინებას ხელი მოაწერეს. მაშინ ჰეილი ბოლდუინი გახდა ჰეილი ბიბერი. 2018 წელს ჰეილის და ჯასტინის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თეთრი კაბა და ვარსკვლავებით დატვირთული საღამო არ მოჰყოლია.
რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში პირველი ექსკლუზიური ფოტოები გავრცელდა სამხრეთ კაროლინადან, სადაც 25 წლის მომღერალმა და 22 წლის მოდელმა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ქორწინება იზეიმეს.
People – მ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია ჰეილის კაბის შესახებ, რომელიც ქორწილში ეცვა. კაბა ლონდონში, ვივიენ ვესტვუდის ატელიეში, სპეციალურად ჰეილისთვის შეიკერა.