სტრიმინგ სერვისი Netflix კიდევ ერთ ინტერაქციულ ფიზიკურ სივრცეს წარადგენს –  30 ივნისს, ლოს ანჯელესში pop-up რესტორანს გახსნის. რესტორანში წარმოდგენილი ინვენტარი და მენიუ სტრიმინგ სერვისის კულინარიული შოუებისა და მასში მონაწილე შეფ-მზარეულების თემატიკასთან იქნება კავშირში. აღსანიშნავია, რომ რესტორნის მენიუსათვის ცნობილი შეფები სპეციალურ კოქტეილებს და კერძებს შექმნიან. 

როგორც სტრიმინგ სერვისის წარმომადგენლები აცხადებენ, Netflix კულინარიის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საუკეთესო პლატფორმად იქცა, რადგან აქ უამრავი თემატური შოუა განთავსებული. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გურმანებისათვის განსაკუთრებული გამოცდილება ფიზიკურ სივრცეშიც გადაეტანა. 

რესტორნის სახელი Netflix Bites იქნება და მასში ცნობილ სერიალებში წარმოდგენილი გასტრონომია და კულინარიაც იქნება წარმოჩენილი. რესტორნის სპეციალურ მენიუში ადაპტირდება ისეთი შოუების თემატიკა, როგორებიც არის: Bridgerton, Stranger Things, Money Heist და ასე შემდეგ.