14 მაისს, მედია გიგანტის, Netflix -ის ახალი მინი-სერიალის პრემიერა შედგა. ‘Halston’ 1970-იანი წლების ამერიკული მოდის და კულტურის კერპის, როი ჰალსტონის ცხოვრების გარშემო ვითარდება. სერიალმა ლეგენდარული დიზაინერის ოჯახის წევრების კრიტიკა გამოიწვია. ისინი თავიანთ განცხადებაში ნეთფლიქსის შოუს “ჰალსტონის არასწორ, შეთხზულ აღწერად” მოიხსენიებენ. იგივეს ვერ ვიტყვით ბრენდ ‘Halston’ -ის მფლობელებზე. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Netflix და Halston, სერიალის კოსტიუმების შთაგონებით, ახალ კაპსულა კოლექციას უშვებენ.

Netflix x Halston

მიუხედავად იმისა, რომ როი თანამედროვე ამერიკული მოდის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბრენდმა განვითარება შეწყვიტა. დღესდღეობით, მოდის სახლი ‘Halston’ განაგრძობს არსებობას, როგორც კაპსულა და ყოველდღიური ტანისამოსის ბრენდი. გამომდინარე აქედან, ნეთფლიქსთან თანამშრომლობა Halston-ისთვის მნიშვნელოვანი კომერციული შესაძლებლობაა.

 „ხალხი ფიქრობს, რომ ეს უბრალო უნიფორმაა – შავი ნაქსოვი ზედა და შავი შარვალი, მაგრამ აქ ბევრად მეტი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ ლუქი განავითარო და საბოლოოდ, Halston-ად აქციო. ის საკუთარი თავის ნიჭიერი სტილისტიც იყო, ყოველთვის გონივრულად და ფრთხილად ეკიდებოდა თავის ჩაცმულობას,“ ამბობს ჯერიანა სან უანი, კოსტიუმების დიზაინერი, რომელმაც Netflix-ის ახალ სერიალზე იმუშავა.

Netflix x Halston კაპსულა კოლექციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ საიტზე – Halston.com.