უკვე რამდენიმე თვეა, HBO-ს სერიალის, And Just Like That-ის შემქმნელები შოუს მეორე სეზონიდან კადრებს გვიზიარებენ. ამჯერად, კი სერიალის მოახლოებული სეზონის პირველი ოფიციალური ტრეილერიც გამოქვეყნდა. ტრეილერიდან ირკვევა, რომ სამსახიობო შემადგენლობას ახალი სახეები უერთდებიან. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, სერიალის მეორე სეზონში Sex and The City-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ეიდენი ბრუნდება. მის პერსონაჟს ამჯერადაც ჯონ კორბეტი შეასრულებს. ეს სიახლე აქამდეც ცნობილი იყო. HBO-მ ეიდენის დაბრუნება ჯერ კიდევ იანვარში, ოფიციალური ფოტოების მეშვეობით დააანონსა. ტრეილერის ბოლო კადრში კი, მისი და ქერი ბრედშოუს შეხვედრის სცენას ვხედავთ.
Sex and The City-ის სიუჟეტის მიხედვით, ეიდენი ქერი ბრედშოუს საქმრო იყო. ის პირველად მესამე სეზონში გამოჩნდა და ერთ-ერთ საკვანძო პერსონაჟად იქცა. ეიდენის გმირი, Sex and The City-ის მიხედვით გადაღებულ ფილმშიც მონაწილეობს, თუმცა, მისი გამოჩენა ფრაგმენტული ხასიათის იყო.
რაც შეეხება ტრეილერში ნაჩვენებ ზოგად სიუჟეტურ ხაზს, როგორც მოსალოდნელი იყო მაყურებელი კვლავაც იხილავს მირანდას და შარლოტის ისტორიებს. სერიალის პრემიერა HBO Max-ზე ივნისში შედგება.