
Moschino-ში, როგორც ჩანს, დიდი ცვლილებების მომენტია. კრეატიული დირექტორის, ჯერემი სკოტის 10 წლიანი მოღვაწეობის დასასრულის შესახებ სიახლე სულ რაღაც 10 დღის წინ გავრცელდა, თუმცა ეს ისტორიის დასასრული არ არის. ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამდებობას ტოვებს სტეფანო სეკიც, ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ბრენდში აღნიშნულ პოზიციაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. სიახლეს WWD ადასტურებს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში პარასკევს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისევე, როგორც ჯერემის, სეკის წასვლაც ბრენდისთვის მნიშვნელოვანი თავის დასასრულია.


მიუხედავად იმისა, რომ სკოტის წასვლის შესახებ კონკრეტული მიზეზები არ დასახელებულა, WWD სეკის წასვლის მიზეზზე ღიად საუბრობს. გამოცემა მისსა და მასიმო ფერეტის შორის ბრენდის განვითარების სტრატეგიაზე სხვადასხვა შეხედულებებს ასახელებს. მასიმო ფერეტი მოსკინოს მფლობელი კომპანიის, Aeffe-ს აღმასრულებელი დირექტორია. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერთობლივადაა მიღებული და რომ ფერეტი მადლიერია სეკის მიერ გაწეული შრომისთვის. “მადლიერი ვარ [სეკის] პროფესიული წვლილისთვის, რომელიც მან დღემდე ბრენდის განვითარებაში შეიტანა,” ხოლო სეკის თქმით, ის “მოხარულია, რომ ჰქონდა საშუალება გაძღოლოდა შესანიშნავ ბრენდს ბოლო 4 წლის განმავლობაში, რთულ ეკონომიკურ პირობებსა და პანდემიაში.”
აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას მოსკინოში Aeffe-ს ერთ-ერთი აღმასრულებელი ოფიცერი, გოფრედო პალმერინი შეითავსებს.
სეკი მოსკინოში 2019 წელს დაინიშნა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ლაქშერი რითეილში მისი კარიერა Giorgio Armani Group-ში დაიწყო, სადაც ის 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. შემდეგ იგი ვერსაჩეში გადავიდა, სადაც გლობალური საბითუმო გაყიდვების დირექტორად მუშაობდა. უშუალოდ მოსკინომდე სეკი ეტროს კომერციული დირექტორი 3 წლის განმავლობაში იყო.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი ფრანკო მოსკინომ 1983 წელს დააარსა და პირველივე დღიდან, Aeffe-ს ჰქონდა ლიცენზია ბრენდის წარმოებასა და დისტრიბუციაზე. 1994 წელს, ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ჰოლდინგმა ბრენდის 70%-იანი წილი შეისყიდა და ის საერთაშორისო მოდის რუკაზე წარმოაჩინა. 2021 წელს, Aeffe-მ ბრენდის დარჩენილი 30% შეისყიდა, 66.6 მილიონ ევროდ. ასევე, ჰოლდინგის დაქვემდებარებაში შევიდა Love Moschino-ს ბრენდიც, რომელშიც მათ 3.6 მილიონი ევრო გადაიხადეს.