Models.com ტრადიციულად აქვეყნებს წლის შეჯამებას და შვიდ კატეგორიაში ორ-ორ საუკეთესო მოდელს ასახელებს. ერთს ინდუსტრიის ინსაიდერები ირჩევენ, ხოლო მეორეს – მკითხველები, კატეგორიები კი შემდეგია: წლის ქალი მოდელი, წლის მამაკაცი მოდელი, წლის ახალი სახე (ქალი), წლის ახალი სახე (მამაკაცი), წლის მოდელი სოციალური გავლენით, წლის მოდელი, რომელმაც სამსახიობო კარიერა დაიწყო და წლის მოდელი ცხოვრებისეული მიღწევებით.

ინდუსტრიის ინსაიდერები, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა არიან ედვარდ ენინფული, ქეითი გრანდი, კარლოს ნაზარიო, პრაბალ გურუნგი, ქრისტოფერ ჯონ როჯერსი, ანიტა ბიტონი, პიერჯორჯო დელ მორო, ტაილერ მიჩელი და სხვები.

პირველად, ერთ-ერთი გამარჯვებული მოდელი ქართველი მატილდა გვარლიანია, რომელსაც წელს ნამდვილად განსაკუთრებული წელი ჰქონდა. მატილდა მკითხველთა რჩეული გახდა კატეგორიაში წლის ახალი სახე. ის ჰოლანდიური ვოგის დეკემბრის ნომრის ყდაზე მოხვდა, ელენ ვონ უნვერტის ობიექტივში, იყო ფენდის ბაგეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კამპანიაში, Calvin Klein-ის სათვალეებისა და 2022 წლის საშობაო კამპანიაში, ზარას კამპანიაში, რომლის ფოტოგრაფიც ლეგენდარული სტივენ მეიზელი იყო, ასევე გამოვიდა შანელის, დიორის, ფენდის, რალფ ლორენისა და სხვა წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე.

გამოკითხვის გამარჯვებულები ასევე არიან ბელა ჰადიდი წლის ქალი მოდელის კატეგორიაში, როგორც ინსაიდერების აზრით, ასევე მკითხველთა აზრით, ისევე, როგორც ალტონ მეისონი წლის მამაკაცი მოდელის კატეგორიაში. მკითხველთა აზრით, ბელა ჰადიდი წლის სოციალური გავლენის მოდელიცაა. ჰანთერ შეიფერი და ჰოიონი წლის მოდელები არიან, რომლებიც სამსახიობო კარიერას მიჰყვნენ. ლინდა ევანჯელისტას კი ცხოვრებისეული მიღწევების მქონე წლის მოდელის სტატუსი მიენიჭა.