Models.com დაარსდა, როგორც პლატფორმა საერთაშორისო მოდელების კარიერის შესახებ. მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა წამყვან სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობით, Models.com-მა შექმნა ინტერნეტში ყველაზე სანდო, გავლენიანი და ცნობილი საიტი, რომელიც ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის მოდელების სამუშაოს შესახებ. პლატფორმა ყოველდღიურად განახლებადია, შედეგად, მომხმარებლები მაქსიმალურად სწორ მონაცემებს ვიღებთ სამოდელო ინდუსტრიაში არსებულ რეალობაზე.

2018 წელს, Models.com -მა მოდელების საერთაშორისო რეიტინგი წარადგინა, რომელიც დაიყო რამდენიმე კატეგორიად, როგორებიცაა: ლეგენდები, ახალი სუპერმოდელები, ყველაზე მაღალშემოსავლიანები, კონტრაქტიანები, ტოპ 50 და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ Models.com -ის მიერ კატეგორიებში მოდელების გადანაწილების საკითხი კამათის საგანი ხშირად ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადი გადმოსახედიდან, თითოეული კატეგორია რეალობისგან შორს ნამდვილად არ არის.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, Models.com -მა დაამატა ახალი კატეგორია, “Featured Lists”, სადაც მოდელები კონკრეტული მსგავსებების მიხედვით არიან დაჯგუფებული, მაგალითად: წითურები, 2000-იანების ბრაზილიელების ტალღა, აღმოსავლეთ ევროპის გავლენიანი მოდელები და ა.შ. ამასთან ერთად, ცნობილმა პლატფორმამ შემოგვთავაზა მათი მომხმარებლების 25 საყვარელი მოდელი. როგორც აღმოჩნდა, 1000-ზე მეტ საერთაშორისო მოდელში, Models.com-ის მკითხველი სწორედ ამ სახეებს გამოარჩევს.