რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ფოტოგრაფ მარკ აბეგის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა მულტიმედიურ პროექტს, რომლის მიზანიც იძულებით გადაადგილებული ქალების და ბავშვების საჭირო სერვისებით და თავშესაფრით უზრუნველსაყოფად ფულადი სახსრების მოპოვებაა.

პროექტის სახელწოდებაა “მოდელები უკრაინისთვის” და მოიცავს შავ-თეთრ პორტრეტებს, რომლებიც მარკმა გადაიღო. ფოტოებზე უკრაინელი მოდელები ბუნებრივი იერით, თეთრ მაისურებში არიან აღბეჭდილნი. “მინდოდა შედეგი ნამდვილი და სიყალბისგან დაცლილი ყოფილიყო. არასრულყოფილების მიღწევა მსურდა, რათა მეჩვენებინა სინამდვილეში რამდენად მშვენიერები არიან ისინი,” – აღნიშნა მან WWD-სთან საუბრისას.

გადაღებები დეკემბერსა და იანვარში მიმდინარეობდა. მოდელები უკრაინიდან ქასთინგ დირექტორმა მაქსიმ ვალენტინიმ შეარჩია. პროექტისთვის არტ დირექტორად ბენჟამინ გრილონმა იმუშავა.

© Oddity Paris

პორტრეტები პარიზში მდებარე გალერეა Oddity-ში ოთხშაბათიდან არის წარმოდგენილი. სივრცეში მისული დამთვალიერებელი ასავე იხილავს ვიდეო ჩანაწერებს, რომლებშიც გოგონები ომის დროს მიღებულ თავიანთ გამოცდილებასა და განცდებზე საუბრობენ.

“უბრალოდ ვეცადე მეჩვენებინა, რომ ჩვენ გარშემო არიან უკრაინელები, რომლებიც იტანჯებიან და ამის გამო თავს ჩვენც ცუდად ვგრძნობთ. შეიძლება შექმნილი ვითარება ჩვენზე პირდაპირ არ ზემოქმედებს, რადგან ჩვენს ოჯახის წევრებს არ ეხება ან ყოველდღიურად არ გვიწევს ამ ყველაფერთან თანაარსებობა, მაგრამ ეს ხდება,” – განაცხადა ფოტოგრაფმა. “ჩვენ გვაქვს შესაძლებობა რაღაც მოვიმოქმედოთ და ეს ტანჯვა და ტკივილი ოდნავ შევამსუბუქოთ.”

გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი Марш Жінок-ის ფონდში გადაირიცხება. უკრაინული ორგანიზაცია ომის შედეგად დაზარალებულ ქალებს და ბავშვებს საცხოვრებელ ადგილს და სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.