ახალი კაფსულა კოლექცია, რომელიც არსებულის განახლების იდეას ეფუძნება, Levi’s-ის ვინტაჟ დენიმს Miu Miu-ს დეკორაციით წარმოგვიდგენს. თანამშრომლობის ფარგლებში, Levi’s-ის არქივიდან 501 ჯინსებსა და Trucker ქურთუკების ახალი ვერსიები შეიქმნა, რომლებსაც ყვავილების ფორმის ნაქარგები და კრისტალები აფორმებს.
კოლექცია, რომელსაც რეკლამას ემა კორინი, ლაილა მოსი და ჯორჯია პალმერი უწევენ, აერთიანებს როგორც მასკულინურ, ისე ფემინურ სილუეტებს. ის გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით (1000 ნივთი) გამოვა და თავდაპირველად მისი შეძენა მაისის შუა რიცხვებში ლონდონის Selfridges-ში და შანხაის IAPM-ში იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით Miu Miu-ს 18 მაღაზიაში, ბრენდის ოფიციალურ ვებ-საიტზე და ლოს ანჯელესის Dover Street Market-შიც გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ კოლექციიდან თითოეული მოდელი უნიკალურია.
“კოლექციაში იდენტურ ნივთებს ვერ ნახავთ. სამოსი, რომელიც წარსულში ეცვათ და უყვარდათ, მიუ მიუს ხელწერით განახლდა და ახალი სახე შეიძინა,” – აღნიშნულია მოდის სახლის განცხადებაში. რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცნობილია, საწყისი ფასი $980-ს იქნება.
გასული წლის დეკემბერში Miu Miu-მ ახალი პროექტი დაანანონსა, რომელიც მდგრადი პრაქტიკების დანერგვას ისახავდა მიზნად. Upcycled by Miu Miu 80 უნიკალურ დიზაინს მოიცავდა. ისინი სხვადასხვა სიცრცეებში, მათ შორის ვინტაჟ მაღაზიებში მოძიებულ ოცდაათიანი წლებიდან სამოცდაათიან წლებამდე პერიოდში შექმნილ ტანისამოსს ბრენდის მახასიათებლებით ანახლებდა. სწორედ ამ პროექტის გაგრძელებაა Levi’s-სთან კოლაბორაცია.