New Balance-თან კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელები Miu Miu-ს ჩვენებაზე პირველად 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვიხილეთ. ამჯერად, რიგით მეორე თანამშრომლობის ფარგლებში, ეს ორი ბრენდი ფეხსაცმლის ხუთ წყვილს ახალ ფერებში გვთავაზობს. მათი შეძენა თებერვლის ბოლომდე Miu Miu-ს მაღაზიებში და ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
თითოეული მოდელი New Balance-ის 574-ის განახლებული ვერსიაა. მათში ორიგინალი დიზაინის მახასიათებლები Miu Miu-ს ესთეტიკასთან ერთიანდება. ისინი დამზადებულია როგორც დენიმის, ისე ნაპა ტყავის გამოყენებით, სნიქერების ენაზე კი ორივე ბრენდის ლოგო არის წარმოდგენილი.
“თითოეული ვერსია ოთხმოციანი წლების ბევრისთვის საყვარელი სილუეტის თანამედროვე განახლებას წარმოადგენს და Miu Miu-ს ცოცხალ და დინამიკურ ფემინურობას ავლენს,” – აღნიშნულია Miu Miu-ს ვებ-გვერდზე.
სარეკლამო კამპანია მონი ჰავორთმა გადაიღო, მასში მონაწილეობას იღებს მოდელი ქეილა დანლეპი.