
Stranger Things სტრიმინგ სერვის Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სერიალის პრემიერა 2016 წელს შედგა და მან კინო და სატელევიზიო ინდუსტრიას უამრავი ვარსკვლავი აღმოაჩენინა. მათ შორის არის შოუს მთავარი როლის შემსრულებელი მილი ბობი ბრაუნი.
სეზონებს შორის არსებული დიდი შუალედის გამო, მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს მათზე ბევრად უმცროსი პერსონაჟების განსახიერება უწევთ, რაც მაყურებლის აუდიტორიის დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკასაც განაპირობებს. მიუხედავად ვიზაჟისტებისა და სტილისტების იდეალურად შესრულებული სამუშაოსი, ეს განსხვავება მაინც იგრძნობა. მაგალითად მილი ბობი ბრაუნი, რომელიც Stranger Things-ის გადაღებების დროს 11 წლის იყო, ახლა უკვე 19 წლის არის.

ახლახან, ამერიკულ ჟურნალ Seventeen-თან ინტერვიუში მილი ბობი ბრაუნმა აღნიშნა, რომ მზად არის, მეხუთე სეზონის შემდეგ, ილევენის პერსონაჟს სამუდამოდ გამოემშვიდობოს. ამჟამად Stranger Things-ის შემოქმედებითი ჯგუფი სწორედ სერიალის მეხუთე სეზონზე მუშაობს. როგორც ამ დროისათვის ცნობილია, ეს სეზონი შოუსათვის ფინალური იქნება და ქალაქ ჰოუკინსის მისტიკური ისტორია ამით დასრულდება.
„[Stranger Things] ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდხანს იყო, თუმცა ნამდვილად მზად ვარ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს გამოვემშვიდობო და ახალი დავიწყო“ – აღნიშნა მილი ბობი ბრაუნმა ინტერვიუში.

Stranger Things-ის სიუჟეტი ამერიკაში, ფიქციურ ქალაქ ჰოუკინსში, 80-იან წლებში ვითარდება. ქალაქში პარალელური სამყაროს პორტალი იხსნება და მთავარი გმირები არამიწიერ მონსტრების პირისპირ ბრძოლაში აღმოჩნდებიან. სერიალი 80-იანი წლების საშინელებათა ფილმების ჟანრობრივი ესთეტიკითა და დინამიკით გამოირჩევა, რამაც ამ პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა.