დღეს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მაქსიმილიან დევისის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი Ferragamo-ს კოლექციის ჩვენება გაიმართა. ბრიტანელი დიზაინერი იტალიური მოდის სახლის გუნდს 2022 წელს შეუერთდა და უკვე შეძლო დაემტკიცებინა, რომ Ferragamo-სთვის ძლიერი ხედვა აქვს. მაქსიმილიანი ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებულია. მან თავისი სახელობის ბრენდი Maximilian სამი წლის წინ შექმნა, თუმცა ახალ სამუშაოზე კონცენტრაციის მიზნით მისი ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. “ის შეძლებს დაიწყოს ახალი, ამაღელვებელი თავის წერა მოდის სახლში, რომელიც შემოქმედებით მემკვიდრეობას, ოსტატობას, დახვეწილობას და გასაოცარ ადამიანურ ღირებულებებს ეფუძნება,” – განაცხადა გასულ წელს Ferragamo-ს გენერალურმა დირექტორმა მარკო გობეტიმ დიზაინერზე საუბრისას.

Ferragamo-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში შემოთავაზებული იყო სუფთა, გეომეტრიული ფორმები, კლასიკურ და ელეგანტურ დიზაინში სპორტული ელემენტები იყო შეტანილი, აქსესუარები კი კვლავ იპყობდა ყურადღებას, განსაკუთრებით დიდი ზომის ჩანთები. ფერთა პალიტრა მოიცავდა შავს, მუქ ლურჯს, თეთრს, ნაცრისფერის და ასევე მკვეთრ ყვითელსა და წითელს, რომელიც ბრენდთან ყველაზე მეტად ასოცირებული ფერი გახდა.

ამ სეზონზე მაქსიმილიანის ინტერესის საგნად მოდის სახლის ჰოლივუდთან კავშირი იქცა. ის 1950-იან წლებს მიუბრუნდა, როდესაც Ferragamo-ს კლიენტებს შორის ოდრი ჰეპბერნი და მერილინ მონრო იყვნენ. კულისებში ჟურნალისტებთან საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, რომ ის თავის მოვალეობად თვლის ჩააცვას “ადამიანების ოჯახს – დედას, ქალიშვილს, მამას თუ ვაჟს” და სურს, რომ მოდის სახლის კოდების გადათამაშებით ნამუშევრები დღევანდელობას ერგებოდეს.

Ferragamo შემოდგომა/ზამთარი 2023

ჩვენების ჩანაწერი