2017 წლიდან დონატელა ვერსაჩე თავისი ძმის, ჯანი ვერსაჩეს საკულტო პრინტებს, სილუეტებს და მოდელებს აცოცხლებდა. ნოსტალგიური განწყობა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზეც გრძელდება, თუმცა ახლა დრო მოვიდა, რომ დონატელამ თავისი მემკვიდრეობაც გაიხსენოს. ვერსაჩეში დონატელას დამოუკიდებელი მმართველობის ერიდან პირველი დიდი მომენტი 1999 წლის ჯუნგლებით შთაგონებული კოლექციაა. სწორედ ამ შოუს მიეძღვნა გუშინდელი ჩვენება, რომელიც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ჩვენება შავი ლუქებით გაიხსნა, რომელსაც ვერსაჩესთვის დამახასიათებელი ოქრო და სექსუალური ჭრები ამშვენებდა.
ვერსაჩეს ჩვენება სუპერმოდელების გარეშე წარმოუდგენელია. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზეც არაერთი ცნობილი მოდელი ვიხილეთ, მათ შორის: კენდალ ჯენერი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ამბერ ვალეტა, ირინა შეიკი, კაია გერბერი, ანია რუბიკი, ვიტორია ჩერეტი, გრეის ელიზაბეტი, სტელა მაქსველი, ფარეტა, იმანი და ა.შ.
კოლექციაში რა თქმა უნდა იყო მწვანე ლუქები ჯუნგლების პრინტებით.
შოუს კულმინაცია პოდიუმზე ჯენიფერ ლოპესის გამოჩენა იყო. ვერ დავწერთ, რომ ვერსაჩეს შოუზე ვარსკვლავის გამოჩენა უჩვეულო მოვლენაა. დონატელა ყოველ სეზონზე გვიმზადებს სოურპრიზს. ჯერ 90-იანების სუპერმოდელები ფინალში, შემდეგ სტეფანი სეიმური, ბოლოს შალომ ჰარლოუ. მიუხედავად ამისა, ჯენიფერ ლოპეზის გამოჩენას დამსწრე საზოგადოება და ინტერნეტი დიდი ოვაციებით შეხვდა. 50 წლის სუპერვარსკვლავი პოდიუმზე იმ კაბის განახლებული ვერსიით გამოჩნდა, რომელიც გრემის 2000 წლის დაჯილდოებაზე ეცვა.
ჯეი ლო გრემის 2000 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე. ეს არის დონატელას შექმნილი ლუქი,რომლის გამოც გუგლმა სურათის ძებნის ფუნქცია დაამატა.
ჯეი ლო და დონატელა ვერსაჩე მილანის მოდის კვირეულის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ვერსაჩეს ჩვენების ფინალში.
ვერსაჩეს ახალი კოლექცია სრულად – Versace S/S 2020