„მეტროპოლიტენის მუზეუმი“ 2023 წლის კოსტიუმირებულ მიღებას – Met Gala-ს ტრადიციისამებრ მაისის პირველ ორშაბათს გამართავს. MET-ის კოსტიუმების ინსტიტუტის ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება წელს 1-ლ მაისს ჩატარდება. 2023 წლის Met Gala-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა აქვს, ის თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ლეგენდას – დიზაინერ კარლ ლეგერფელდს ეძღვნება. Karl Lagerfeld: A Line of Beauty – ასე ჰქვია მეტროპოლიტენის მუზეუმის დაანონსებულ გამოფენას, რომელიც Met Gala-ს შემდეგ, 5 მაისს გაიხსნება.

Met Gala-ს ორგანიზებას ანა ვინტური ხელმძღვანელობს, თუმცა ღონისძიებას ყოველ წელს სპეციალურად მოწვეული ორგანიზატორებიც ჰყავს. ახლახან, „მეტროპოლიტენის მუზეუმმა“ ამ ადამიანების ვინაობა გაამხილა. მოწვეული ორგანიზატორების სტატუსით წელს დუა ლიპა, პენელოპე კრუზი, როჯერ ფედერერი და მიქაელა კოელი წარდგებიან. აღსანიშნავია, რომ ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა მიწვეულ ორგანიზატორებს შორის არ არის დიზაინერი, ან მოდის სახლი.