ბრენდსა და ამერიკელ დიზაინერს შორის სამწლიანი კონტრაქტი აღარ განახლდება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებს WWD.
მეთიუ უილიამსი, რომელიც ფრანგული ბრენდის შემოქმედებით დირექტორად 2020 წელს დასახელდა, ბრენდს 2024 წლის პირველი იანვრიდან დატოვებს. მისი ბოლო კოლექცია 2024 წლის წინა-საშემოდგომო სეზონის ნამუშევარი იქნება, რომელიც მომდევნო დღეებში გავრცელდება.
გავრცელებულ განცხადებაში, ამერიკელი დიზაინერი ჟივენშიში მოღვაწეობის სამ წელს „ახდენილ ოცნებას“ უწოდებს და მადლობას უხდის ბრენდსა და მფლობელ კომპანია, LVMH-ს. Givenchy-ის პარალელურად, მეთიუ აგრეთვე მართავს ახალგაზრდულ ბრენდს – 1017 Alyx 9SM, რომელიც თავად დააარსა 2015 წელს. როგორც ახალი განცხადებიდან ირკვევა, სამომავლოდ, უილიამსი სწორედ 1017 Alyx 9SM-ზე ფოკუსირებას გეგმავს.
რაც შეეხება ფრანგულ მოდის სახლს, Givenchy ახალი დიზაინერის ძიების ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ დაიკავებს ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას. აღსანიშნავია, რომ გასულ 6 წელში, სამწლიანი კონტრაქტის შემდეგ, ფრანგული ბრენდი უკვე ორმა შემოქმედებითმა დირექტორმა დატოვა, რაც მოდის სახლის როგორც იმიჯზე, აგრეთვე შემოსავალზე უარყოფითად ისახება.