გავრცელებული ინფორმაციით, მეთიუ უილიასმა თავის ბრენდ 1017 ALYX 9SM-ისთვის ინვესტორი მიიზიდა – ადრიან ჩენგი, ანტრეპრენერი ჰონგ-კონკიდან, “Luxury Streetwear” კატეგორიას მიკუთვნებული ბრენდის საკონტროლო წილის შეძენით დაინტერესდა და მასსა და ამერიკელ დიზაინერს შორის შეთანხმება შედგა. გარიგების პირობები ამ ეტაპზე არ გახმაურებულა.

ჩენგი ჰონგ-კონგში დაფუძნებული განვითარების ჯგუფის, New World Development Company-ს აღმასრულებელი თავმჯდომარეა. გარდა ამისა, 2017 წელს მან C Capital დაარსა, საინვესტიციო ფონდი, რომელიც წილს მოდის, ტექნოლოგიისა და მედია სექტორებში მოქმედ 60 კომპანიაში ფლობს.

მეთიუ უილიამსი © Russh

1017 ALYX 9SM-ის ისტორია 2015 წელს იწყება. თავისი ბრენდის დამსახურებით მომდევნო წელს უილიამსი LVMH Prize-ს ფინალისტებს რიგებს შორისაც აღმოჩნდა. სახელწოდებაში 1017 დიზაინერის დაბადების თარიღს, 17 ოქტომბერს აღნიშნავს, ALYX მისი ქალიშვილის სახელია, ხოლო 9SM იმ სტუდიის მისამართზე მიუთითებს, სადაც ბრენდი დაფუძნდა (Saint Mark’s Place, New York City).

1017 ALYX 9SM თანამედროვეობის პროდუქტია. ის თავის ცენტრში აქცევს ახალგაზრდულ სცენას და აერთიანებს ფუფუნების სეგმენტზე გათვლილ ქუჩის სტილს, გრანჟს და მკაცრ სტილს, ასევე შთაგონებულია სკეიტ, პანკ და ურბანული სუბკულტურებით. მას შემდეგ, რაც 2020 წელს უილიამსი ფრანგული მოდის სახლის, Givenchy-ს, კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, მისმა პიროვნებმა და ბრენდმა კიდევ უფრო ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.