Meta ონლაინ მაღაზიას უშვებს, რომელშიც ავატარებისთვის სხვადასხვა მოდის სახლების ვირტუალური ნამუშევრების შეძენა იქნება შესაძლებელი. პარასკევს ცნობილი გახდა, პირველად რომელი ბრენდები შეუერთდება ამ ინიციატივას.
როდესაც გასული წლის ოქტომბერში Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის რებრენდინგის შესახებ განაცხადა, ის ახალი სახელით – Meta წარადგინა და მეტავერსთან დაკავშირებული გეგმების შესახებ გააჟღერა, მალევე Twitter-ის პლატფორმაზე კომპანიის მხრიდან Balenciaga-ს მისამართით დაისვა შეკითხვა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტავერსში დრეს კოდი.
“Meta-ს ტვიტის შემდეგ, ჩვენ მომენტალურად დავინტერესდით. Web3 და Meta ბალენსიაგასთვის, ჩვენი აუდიტორიისთვის და პროდუქტებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა, ფუფუნების ინდუსტრიისთვის ახალი ტერიტორიები ჩნდება.”
სედრიქ შარბი, Balenciaga-ს გენერალური დირექტორი
ბუნებრივია, ამ ფაქტს ინტერნეტში უამრავი მიმი მოჰყვა, გარდა ამისა ბევრის თვალში Balenciaga გახდა პირველი მოდის სახლი, რომელიც მეტავერსთან გახდა ასოცირებული მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პარტნიორობის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ყოველშემთხვევაში ხუთშაბათამდე, როცა Meta-ს კიდევ ერთ ტვიტში შეგხვდა Balenciaga-ს სახელი. ამჯერად მოლოდინი მომდევნო დღისადმი გაჩნდა, როდესაც მათთან დაკავშირებული სიახლის გამჟღავნება დაანონსდა.
Instagram-ის პლატფორმაზე ცუკერბერგმა Meta-ს მოდისა და სავაჭრო პარტნიორობების ვიცე პრეზიდენტთან ივა ჩენთან პირდაპირ რეჟიმში ლაპარაკისას აღნიშნა, რომ მოდის ინდუსტრიიდან Prada, Thom Browne და, რა თქმა უნდა, Balenciaga პირველები შეურთდებოდნენ Meta-ს ონლაინ მაღაზიას და მაყურებლებს თავიანთ მაგალითზე დაანახეს თუ როგორი იქნება “ავატარების მოდა.”


© Meta
Meta-ს ავატარების მაღაზია მომდევნო კვირიდან თავდაპირველად აშშ-ში, კანადაში, ტაილანდსა და მექსიკაში ამოქმედდება. შეძენილი ვირტუალური დიზაინის გამოყენება შესაძლებელი იქნება Instagram-ზე, Facebook-სა და Messenger-ში. მოსალოდნელია, რომ მალე მარკეტფლეისს სხვა დიზაინერების ნამუშევრებიც დაემატება.