The Carlyle-ში მეტ გალას სამზადისი ერთი წლით ადრე იწყება. “როდესაც ერთი მეტ გალა მთავრდება, ჩვენ მეორე მეტ გალასთვის ვიწყებთ მზადებას,” – ამბობს ტონი მოსკა, სასტუმროს მენეჯერი.

ეს სასტუმრო The Mark-თან ერთად წარმოადგენს ადგილს, სადაც ღონისძიების VIP სტუმრების უმეტესობა ჩერდება – ორივე მათგანი მანჰეტენზე, ზემო ისტ-საიდზე მეტროპოლიტენის მუზეუმთან ახლოს, ერთმანეთის გასწვრივ მდებარეობს. მეტ გალას დღეს, მუზეუმის მსგავსად, ფანები ამ სასტუმროების წინაც დილიდანვე აქტიურად იწყებენ შეკრებას იმის იმედად, რომ თავიანთ ფავორიტ ცნობილ პიროვნებებს შეხვდებიან. მათ გარდა, ბუნებრივია, ადგილზე პაპარაცებთან ერთად წესრიგის დასაცავად პოლიციელებიც იმყოფებიან.

მაისის პირველი ორშაბათის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, WWD ნიუ-იორკის ლეგენდარულ სასტუმროს ესტუმრა, რათა გამოცემის მკითხველებს მნიშვნელოვანი დღისთვის The Carlyle-ში მიმდინარე მზადების პროცესზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შექმნოდათ.

ალეკ ვეკი The Carlyle-ში, 2018 წელი © Rebecca Smeyne / The New York Times

როგორც სტატიიდან ვიგებთ, ყველაფერი გასული მეტ გალას დღის ანალიზით იწყება. “რა შეგვეძლო სხვაგვარად გაგვეკეთებინა, რისი გაუმჯობესება არის შესაძლებელი,” – აღნიშნა ტონიმ. მათ შორის, გუნდი აფასებს მენიუებს, რა გაიყიდა და რა არა; როგორი იყო სტუმრების გამოცდილება სასტუმროში მისვლისას და მისი დატოვებისას.

მეტ გალას დღეს The Carlyle-ში მხოლოდ ის სტუმრები რჩებიან, რომლებიც ღონისძიებას ესწრებიან. პირველი ნაბიჯი მათთვის სათანადო ნომრის მოძებნაა. “ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რის გაკეთებას აპირებენ, რადგან ხშირად თან ახლავთ ფოტოგრაფი და ასე შემდეგ, რათა ის დღე და სამზადისი გადაიღონ. ამიტომ ვრწმუნდებით, რომ სტუმრებისთვის ნომერი სწორად გვაქვს შერჩეული,” – ვიგებთ სასტუმროს მენეჯერისგან. შემდეგ ყურადღება დეტალებს ექცევა – დაწყებული ბალიშის პირებიდან, დამთავრებული ჰიგიენური საშუალებებით. გარდა ამისა, სასტუმრო სხვადასხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობს, რათა გალაზე მათ მიწვეულ სტუმრებს ოთახებში შესაბამისი ნივთები დახვდეთ.

The Carlyle სტუმრების მეტ გალამდე გაცილებასაც უზრუნველყოფს, რისთვისაც მათ გუნდებთან კომუნიკაციის შედეგად, დგინდება თუ როდის გეგმავენ ისინი სასტუმროს დატოვებას და როდის იქნება ადგილზე მათი მანქანა, რათა ადვილად და შეუფერხებლად შეძლონ სივრცის დატოვება.

ლედი გაგა The Carlyle-ს დატოვებისას, 2015 წელი © Getty / WWD

გასაკვირი არ იქნება იმის აღნიშვნაც, რომ სასტუმროს პერსონალისთვის მეტ გალას პერიოდი განსაკუთრებით დატვირთულია. მაგალითად, ოთახის სერვისზე მოთხოვნა ამ დროს გაცილებით მაღალია. გასული წელს კი რეკორდული მაჩვენებელი – 800-ზე მეტი შეკვეთა დაფიქსირდა.

“ეს ჩვენი ყველა თანამშრომლისთვის ამაღელვებელი დღეა,” – ამბობს WWD-სთან საუბრისას ტონი. “ისინი მის დადგომას მოუთმენლად ელიან და სურთ მონაწილეობა მიიღონ გალას კულტურული სანახაობის ეპიცენტრად წარმოჩენაში, რომელიც გაჯერებულია სტილით, ელეგანტურობით და დახვეწილობით, რასაც თითოეული ის სტუმარი განასახიერებს, რომელიც აქ რჩება და მეტზე დასასწრებად მიდის.”

მან ასევე ხაზი გაუსვა მეტ გალას უნიკალურობას, წითელი ხალიჩის მნიშვნელობას და ღონისძიება “ნიუ-იორკის ოსკარებად” მოიხსენია.