მომავალ წელს კარლ ლაგერფელდის პიროვნება და შემოქმედება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის თემა იქნება. თუმცა, ეს არის იქნება ტრადიციული რეტროსპექტივა და ორიენტირდება კარლის ესკიზებზე.

“ის ყველაფრის ესკიზს აკეთებდა. ყოველთვის ამბობდა, რომ ხატვა მანამდე შეეძლო, სანამ ლაპარაკს ან სიარულს დაიწყებდა. არაერთი თვალსაზრისით, ის მისთვის კომუნიკაციის ძირითადი ფორმა იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ესკიზებს ფაქსით გზავნიდა თუ აიფონით. ამიტომ გამოფენა უმთავრესად აჩვენებს კარლის ორგანზომილებიანი ნახატების სამგანზომილებიან სამოსად გარდაქმნის ევოლუციას,” – ამბობს გამოფენის კურატორი ენდრიუ ბოლტონი. “ჩემთვის გასაოცარი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი ნახატები სპონტანური და ლამის იმპრესიონისტული კი არა, არამედ უკიდურესად ზუსტი, თითქმის მათემატიკური იყო.”

გამოფენის სახელწოდება – “კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი” იქნება. მასზე დაახლოებით 150 ლუქს ვიხილავთ იმ მოდის სახლებიდან, რომლებშიც ლეგენდარულ დიზაინერს უმუშავია, ესენია: Balmain, Patou, Chloé, Fendi, Chanel და თავისი სახელობის ბრენდი. ნამუშევრები გამოიფინება ორიგინალი ესკიზების გასწვრივ.

Chanel © Vogue / The Metropolitan Museum of Art

გამოფენის მოწყობაზე კრეატიულ კონსულტანტად ამანდა ჰარლეკი იმუშავებს, რომელიც მრავალი წელი თანამშრომლობდა ლაგერფელდთან. სივრცის ინტერიერს არქიტექტორი ტადაო ანდო შექმნის, რომელიც დიზაინერის ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

გამოფენის მთავარი სპონსორი შანელის მოდის სახლი იქნება. დამატებით ფინანსურ სახსრებს ასევე გაიღებს ფენდი, ბრენდი კარლ ლაგერფელდი და მათთან ერთად გამომცემლობა “კონდე ნასტი.”

ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს გამოფენის თემის გარშემო Met Gala ჩატარდება. “კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზის” მონახულება 5 მაისიდან 16 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

Tags :