ცნობილი გახდა, რომ დონატელა ვერსაჩე ახალ პროექტს იწყებს, რომელსაც “Medusa Power Talks” ერქმევა. პლატფორმის მიზანია ქალების ერთ პროექტში თავმოყრა და მნიშვნელოვან თემებზე საჯაროდ საუბარი. “ძლიერი პიროვნების არქეტიპი შეიცვალა. ჩემთვის, იყო ძლიერი, ყველაფერს აღემატება, ეს არის საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლება, შიშების გარეშე. შესაძლებლობა, ძალა, გავლენა დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად, Medusa Power Talks -ზე ვისაუბრებთ, განვიხილავთ და რა თქმა უნდა, ვიკამათებთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის, იყო ძლიერი 2021 წელს. აღელვებული ვარ ჩემი ამ შემოთავაზებით, რადგან ის წარადგენს ისეთ მომავალს, რომლის ნახვაც მსურს. ერთი სული მაქვს, როდის მოვისმენ სპიკერების ისტორიებს”, ამბობს დონატელა ვერსაჩე.
მითების თანახმად, მედუზა თავისი სილამაზით ღმერთებსაც უტოლებდა თავს. ის ზღვის ღმერთის, პოსეიდონის რჩეული იყო, თუმცა სექსუალური კავშირისთვის ცუდი ადგილი შეარჩია-ათენას ტაძარი. ამის გამო მედუზა დაისაჯა და ურჩხულად გადაიქცა, რომელსაც თავზე გველები ეხვია. მისი დანახვისას ყველა ქვავდებოდა. ჯანი ვერსაჩეს მოსწონდა მედუზას ძლიერი, მაცდუნებელი ბუნება და სწორედ ამიტომ თავისი კომპანიის ლოგოდ მედუზას თავი შეარჩია. წლები გადის, თუმცა მოდის ინდუსტრიაში მედუზა კვლავ რჩება სიძლიერის, ცდუნების და სილამაზის სიმბოლოდ, უჩვეულო, მაგრამ განსაკუთრებულ მოვლენად, რომლის გარეშე Versace – ს წარმოდგენაც კი რთულია.
“Medusa Power Talks”-ის პირველი სპიკერების შემადგენლობა ასე გამოიყურება: Precious Lee, Indya Moore, Irina Shayk, Chelsea Miller და რა თქმა უნდა, თავად Donatella Versace.