ნიუ-იორკის მედისონ ავენიუზე მდებარე სათაო ოფისში რალფ ლორენმა ახალი, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ პრეს-რილიზში ერთი საინტერესო ფაქტია აღნიშნული – დიზაინერმა ქალის სამოსის პირველი ჩვენება 1972 წელს სწორედ ამავე ლოკაციაზე გამართა. მომდევნო 52 წლის განმავლობაში, რალფ ლორენი არა მხოლოდ შემდგარ დიზაინერად, არამედ ამერიკული მოდის ლეგენდად იქცა. 50 ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ხელწერა ახალ კოლექციაში უცვლელად იგრძნობა; ელეგანტურობა, კლასიკური სილუეტები და რა თქმა უნდა, მომღიმარი კრისტი ტორლინგტონი პოდიუმზე, ზუსტად ისე, როგორც 1980-იან წლებში.

ამერიკული სული ჩვენებაზე ბილი ჯოელის კლასიკად ქცეულმა სიმღერამ “Just The Way You Are” გაამყარა, სტუმართა რიგებში ჰოლივუდის წამყვანი სახეები გლენ ქლოუზი, კერი ვაშინგტონი და ჯესიკა ჩესტეინი ისხდნენ, ხოლო პოდიუმზე სუპერმოდელები და ტოპ მოდელები – ანოკ იაი, ვლადა როსლიაკოვა, იმან ჰამამი, ანდრეა დიაკონუ, ვანესა მუდი, ფეი ფეი სანი და სხვები ვიხილეთ.

კოლექციის მეათე ლუქი ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა მოირგო, რომელსაც თეთრი პერანგი, ოქროსფერი შარვალი და ქაშმირის ქარდიგანი ამშვენებდა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს მატილდა რალფ ლორენის ჩვენებაზე 2022 წელს, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე ვიხილეთ, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. რაც შეეხება სხვა ტოპ ჩვენებებს, მატილდა იანვრის შემდეგ, გუჩის, ლუი ვიტონისა და დიორის შოუებზე გამოვიდა.

იხილეთ ჩვენების ვიდეო: