სავარაუდოა, რომ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის მარტინ როუზის შესახებ და ასევე აქვს წარმოდგენა ქართველი დიზაინერის, დემნას, როლზე მის წარმატებაში. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, შესაძლოა საინტერესო იყოს იმ ადამიანის შესახებ მეტის გაგება, რომელთან დაკავშირებითაც დაიწყო სპეკულაცია, რომ Louis Vuitton-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

“დემნა ვერასდროს გაიგებს, როგორ რთულ გარემოებებს დამაღწევინა თავი,” – ამბობს დიზაინერი ერთ-ერთ ინტერვიუში. “მისთვის არასდროს მითქვამს როგორ ჩავიკეცე, როცა დამიკავშირდა. მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება. არამგონია იცოდეს, რამხელა გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. მაშინ ქირის ფულის გადახდაც არ შემეძლო და გარდა იმისა, რომ საშინლად რთული სიტუაციიდან გამომიყვანა, მან სხვების თვალში ფასეული გამხადა.”

Martine Rose გაზაფხული/ზაფხული 2023

როდის მოხდა როუზის კარიერაში დიდი გარდატეხა?

როდესაც Balenciaga-ს ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად არჩეულმა დემნამ ის მოდის სახლის ახლად დამატებული მამაკაცის ხაზისთვის კონსულტანტად აიყვანა.

თუმცა მოდასთან მისი პირველი შეხება გაცილებით ადრე, 2002 წელს იწყება. მაშინ მან თამარა როთსტეინთან ერთად საკუთარი ბრენდი დააფუძნა. მაისურების ხაზმა მხოლოდ სამი წელი შეძლო არსებობა. 2007 წელს მან დამოუკიდებლად დაიწყო თავისი სახელობის ბრენდის გაძღოლა. მალე Fashion East & MAN-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ახალბედა დიზაინერების მხარდაჭერით სახელგანთქმული ლულუ კენედის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რასაც დათანხმდა და კენედის ამ ინიციატივაში კიდევ ორჯერ ჩაერთო – 2011 და 2012 წლების გაზაფხული/ზაფხულის სეზონებზე. ამას მოჰყვა 2014 წელს მიღებული ჯილდო NEWGEN MEN და LVMH Prize-სა და ANDAM Prize-ში მონაწილეობა. მიუხედავად აღნიშნულისა, მარტინ როუზის ბრენდის განვითარება რთული ამოცანა აღმოჩნდა, მთავარ პრობლემას კი საჭირო სახსრების არარსებობა წარმოადგენდა.

Martine Rose გაზაფხული/ზაფხული 2023

მარტინმა დემნას შესახებ პირველად მეგობარი ფოტოგრაფისგან მაშინ გაიგო, როდესაც ქართველი დიზაინერი ჯერ კიდევ Louis Vuitton-ში მუშაობდა. თავად დემნამ კი მისი მეგობრისგან შემთხვევით ნახა როუზის ტანსაცმელი და მეილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ძალიან მოსწონდა რასაც ის აკეთებდა. ერთი წლის შემდეგ მოდაში Vetements-ის ფენომენი გაჩნდა. მალე დემნა Balenciaga-ს გუნდსაც შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი კომუნიკაცია იმ დადებითი წერილით დაიწყო და დასრულდა, როუზმა გადაწყვიტა ბალენსიაგას ამბის გაგების შემდეგ დემნასთვის წარმატება წერილით მიელოცა. მისთვის მოულოდნელად, პასუხიც მიიღო და შეხვედრის შეთავაზებაც. ამ მომენტიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მის ჩვენებას Louis Vuitton-ის გენერალური დირექტორი, მაიკლ ბერკი ესწრება, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს მისი კარიერის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

Louis Vuitton-ში კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის პოზიცია გასული წლის ნოემბერში ვირჯილ აბლოს სამწუხარო და მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ არის ვაკანტური. ამ თანამდებობაზე არაერთ დიზაინერს განიხილავენ, იყო ჭორები მასზე ქანიე უესტის დანიშვნასთან დაკავშირებითაც. ლონდონში გამართული მარტინ როუზის უახლესი კოლექციის ჩვენება და მასზე ფრანგული ბრენდის CEO-ს გამოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ბევრი მოდის ენთუზიასტის, რეივერის, ჰიპ-ჰოპითა და პანკით გატაცებული ახალგაზრდის საყვარელი დიზაინერი მალე ახალ ამაღელვებელ როლს მოირგებს.