„არ მომწონს სელებრითად ყოფნის იდეა. ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ეს არის ფრაზა, რომლითაც (თუ მარტინ მარჯიელას პირადად არ იცნობთ) პირველად გაიგებთ ყველაზე ანონიმური დიზაინერის ხმას, როდესაც მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერს ჩართავთ.
„მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით“ რეინერ ჰოლზემერის ფილმია, რომლისთვისაც მარტინმა ოცდაათწლიანი დუმილი დაარღვია. მისი გამოსვლა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაანონსდა, პრემიერა კი 2019 წლის 8 ნოემბერს Doc NYC ფილმის ფესტივალზე შედგა.
„ვიცოდი, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეთ კარგსაც არ მოველოდი.“
ჟან პოლ გოტიე თავისი ყოფილი ასისტენტის, მარტინ მარჯიელას, შემოქმედებაზე
ფილმის საერთაშორისო რელიზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა გამოვიდა პირველი ოფიციალური ტრეილერი, რომელშიც გარდა იმისა, რომ დიზაინერის საუბრის მოსმენა შეგვიძლია, წარმოდგენილია მისი ნახატები, მარჯიელას მოდის სახლთან დაკავშირებული საარქივო მასალები – ჩვენებებზე თუ სამუშაო პროცესის დროს გადაღებული კადრები – და მარტინის შემოქმედების თაყვანისმცემლების, მასთან დაახლოებული პირების ინტერვიუები.