მილანის მოდის კვირეულზე საკმაოდ ბევრი ტოპ ჩვენებაა, თუმცა პრადას, ფენდის და მარნის განსაკუთრებული, ან ასე ვთქვათ საპატიო ადგილი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარნის ფრანჩსეკო რისოს ისეთი სელებრითული სახელი არ აქვს, როგორიც მიუჩიას ან როგორიც კარლ ლაგერფელს ჰქონდა, მოდის მოყვარულებს მაინც ახსოვთ მარნის განვითარება და მილანელი დიზაინერების ფონზე ექსპერიმენტულობით გამორჩეულობა.
ამ მხრივ ფრანჩესკოს არც ამ სეზონზე გაუცრუებია იმედები. მისი ხედვით გადმოცემული “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” დიზაინერმა იმით დაასრულა, რომ ფინალში კურდღლის ფორმით გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო ზღაპრული თემატიკის მატარებელი ჩვენებაში.
მოზაიკით შემდგარი ფსიქედელია, დაძველების ეფექტი ნაჭერზე და ოქროსფერ-ვერცხლისფერი პიგმენტები მოდელების სახეზე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თითქოს ისინი სხვა სამყაროდან არიან.
დიზაინერმა ჩვენების კულისებში კოლექციის შთაგონებაზე თქვა, რომ კითხვა იმაში მდგომარეობს, ზედმეტად სასტიკ რეალობაში ვართ და ფსიქედელია გვჭირდება, რომ გადავრჩეთ თუ ზედმეტად ფსიქედელიურ სამყაროში ვართ და რეალობაში დაბრუნება გვჭირდება გადასარჩენად? დამაფიქრებელია, თუმცა არამგონია კოლექცია პირდაპირ პასუხს იძლეოდეს, პირიქით, საკმაოდ პარადოქსულია და არჩევანის თავისუფლებას ჩვენ თავად გვაძლევს.
კოლექციის ჩვენება სრულად
პარადოქსულობა იყო პრადას ერთ-ერთი თემატიკაც, მიუჩიას თქმით, ქალები ახლა არიან მამოძრავებელი ძალა, ისინი არიან ქალურები და ძლიერები და ამაში არის მათი სილამაზე.
კოლექციაში ტესტოსტერონი ჭარბი რაოდენობითაა, პერანგები და ჰალსტუხები, აგრესიული სილუეტები, თუმცა ისინი რბილი ნაჭრებითაა გაზავებული, მამაკაცურ oversized პიჯაკის შიგნით შიფონის რბილი სიფრიფანა კაბა – ქალური ხასიათის ინტერპრეტაციის მცდელობა სამოსით. ან “კლიშეები ქალურობაზე”, როგორც ამბობს მიუჩია.
ასევე მიუჩიას თქმით გლამური და მოდა ჩვენში ოპტიმიზმს და ბედნიერებას უნდა აღვივებდეს, რეალურად ეს მართლაც ასეა, მითუმეტეს მაშინ, როცა თამაშში მიუჩია პრადა ერთვება. მოდის და გლამურის მიერ გაღვივებული ოპტიმიზმი და ბედნიერება, ეს ხომ ძალიან ქალური მომენტია. თუ არც ისე?! მიუჩია ერთ-ერთი ისეთი დიზაინერია, რომელიც სასწორის გათანაბრებას უკვე წლებია ცდილობს, მეთოდებით, რომლებიც მოცემულ დროის მონაკვეთს ირეკლავენ.
კოლექციის ჩვენება სრულად
რაც შეეხება ფენდის, ამ სეზონზე ბრენდის ისტორიაში პირველად პოდიუმზე ორი პლიუს საიზ მოდელი ვიხილეთ და არც ერთი მათგანი არ ყოფილა ეშლი გრეემი. ჯილ კორტლევიმ და პალომა ელსესერმა ისტორია შექმნეს. ასევე პოდიუმზე სუპერებიც ვიხილეთ – კაროლინ მერფი, ლია კებედე, კარენ ელსონი, მარიაკარლა ბოსკონო.
სილვია ფენდიმ კოლექცია “განთავისუფლების” თემატიკაზე ააწყო, იდეა – ჩაცმა საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის. სილუეტებით, ჭრებით და ფუმფულა მხრებით ჯამში კოლექცია თითქოს რეტრო “ვაიბს” ტოვებს, თუმცა რამდენიმე total look ტყავში და დეფორმირებულ ლეოპარდში უცნაურად თანამედროვე ჩანს.
ისეთივე სასიამოვნო საყურებელია, როგორიც კარლის კოლექციები? დიდი ალბათობით, არა. მაგრამ იმაზე, თუ რამდენად ჩაცმადია კოლექცია, ორი აზრი არ არსებობს. აშკარად სილვიამ მრავალფეროვნებაზე მხოლოდ პლიუს-ზომის მოდელების ქასთში ჩასმით არ უფიქრია.
კოლექციის ჩვენება სრულად