ვისაც „უშნო ესთეტიკა“ არ გხიბლავთ, თქვენთვის ინსტაგრამის ეს პროფილი უსიამოვნო შეგრძენებების გამომწვევი და გამაღიზიანებელი იქნება. „ლამაზი მაკიაჟი ჩემთვის მოსაწყენია, ყველა ეს smokey eyes და კლასიკური თვალის ლაინერი, ამიტომ რაღაც განსხვავებულის გაკეთება მინდოდა,“ – ამბობს Eszter Magyar, Make Up Brutalism – ის უკან მდგარი მაკიაჟის არტისტი Dazed Beauty – სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაგრამ თუ ეცდებით მაკიაჟის ამ ბრუტალისტურ ხედვაში მშვენიერების დანახვას, საკუთარი გემოვნების გამოწვევას და განსხვავებული ხედვის მიღებას, მაშინ @makeupbrutalism თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო გახდება, როგორიც იმ ადამიანებისთვის არის, რომლებიც Eszter – ის აზრს იზიარებენ, რომ მაკიაჟის დანიშნულება მხოლოდ ის არ არის, ლამაზად გამოიყურებოდე და ის ასევე შეიძლება კონცეპტუალური, წინააღმდეგობრივი, კრეატიული იყოს და „სილამაზე და სრულყოფილება გადაჭარბებით არის შეფასებული.“

„არქიტექტურის დიდი ფანი ვარ, განსაკუთრებით კი ბრუტალიზმის. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა თუ როგორ აღიქვამს მას ხალხი სიუშნოვედ. ყოველთვის მხიბლავდა ბრუტალიზმის ეპოქაში აგებული შენობები… ბრუტალიზმს ყოველთვის ახალ ესთეტიკად მივიჩნევდი, ბევრისთვის ეს რთულად მისაღებია, ჩემს კონტენტთან პარალელები კი სწორედ აქ ვიპოვე.“

Eszter Magyar, Dazed, 2019

Make Up Brutalism არ გაქვს იმ ათასობით beauty ინსტაგრამ ანგარიშს, რომლებიც მაკიაჟის იდეალურად გაკეთებას გვასწვალის, ამიტომ მას ამ მიზნით ნუ ეწვევით. უბრალოდ იმედგაცრუებულები დარჩებით. მაგრამ თუ გსურთ, რომ ახალი „მეიქაფ აქტივისტი“ აღმოაჩინოთ, რომელიც რაღაცებს ახლებურად დაგანახებთ, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც სილამაზის დადგენილ სტანდარტებს ეწინააღმდეგებიან. თუმცა კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რომელიც ამ პროფილს გააჩნია, არის უარყოფითი დამოკიდებულების მიმღებლობა და მისი ყველასთვის ჩვენება ისეთი ფორმით, რომ არტისტის სილამაზესთან დაკავშირებული აქტივიზმის თანმდევ საჭირო და დადებით მხარედ აღიქვან. ისინი ზოგჯერ ახალი „ბიუთი ლუქის“ შთაგონების წყაროც კი ხდება.

© Instagram / makeupbrutalism

„როდესაც ჩემი კბილების ფოტოები ავტვირთე, ხალხმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გავრცელების გამო დამადანაშაულა,“ – განაცხადა ბუდაპეშტში დაბადებულმა და ბერლინში დაფუძნებულმა არტისტმა i-D – სთან საუბრისას. „ადამიანები ამაზრზენს მიწოდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ცუდი გავლენა მქონდა. ერთმა პიროვნებამ ისიც კი მითხრა, რომ თვალებში გამათეთრებელი საშუალება ჩამესხა. მანკიერება ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, ამიტომ კომენტარების გადაღება და შეგროვება თავიდანვე დავიწყე. ახლა მათ უბრალოდ ჩემს „ჰაილაითებში“ ვტვირთავ და ვიღებ იმას, რომ ინსტაგრამის ყველაზე საძულველ ანგარიშს წარმოვადგენ.“

Eszter – ის აქტივიზმის მიღებას მოდის ინდუსტრიაშიც იწყებენ. მისი ბოლო პროექტი Gucci Beauty – სთან კოლაბორაციაა, რომლის ფარგლებშიც არტისტი თავის ღირებულებებს წარმოაჩენს. მას სჯერა, რომ სილამაზესთან დაკავშირებით არსებული სტიგმების და დისკომფორტის განკურნება გულწრფელობით და კრეატიულობით არის შესაძლებელი. გუჩის სილამაზის პროდუქტების გამოყენებით საკუთარ თავზე შექმნილი ექსპერიმენტული ლუქებით, Magyar კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ მაკიაჟი ხელოვნების, საკუთარი თავის გამოხატვის და კომუნიკაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.

„გარშემო ყველაფერი საკუთარი თავის სიძულვილს გვასწავლის და ძალიან ბევრ ადამიანს მხოლოდ მაკიაჟის ფენების მიღმა სურს დამალვა. ინსტაგრამზე ყველა კარდაშიანს ჰგავს და ჩემი გადმოსახედიდან, ეს ნამდვილი ხასიათის მკვლელობაა.“

Eszter Magyar, Dazed, 2019