
კარლ ლაგერფელდის სახელთან დაკავშირებული მასშტაბური პროექტი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2014 წელს გახდა ცნობილი, სულ მალე განხორციელდება. საუბარია ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროზე, რომელიც კარლის პერსონისა და ხედვის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება იქნება.
მაკაოში მდებარე 271 ნომრიან სასტუმროში კლასიკური ჩინური შემოქმედება თანამედროვე დასავლურ ესთეტიკას ერწყმის. სივრცეში მისულ სტუმრებს დახვდებათ ბიბლიოთეკა, რომელიც 4000 წიგნს მოიცავს, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, ასევე რამდენიმე აუზი. რესტორან Mesa-ში კი შემოთავაზებული იქნება სახელგანთქმული პორტუგალიელი შეფ ხოსე ავილესის მენიუ.
The Karl Lagerfeld არის ერთადერთი სასტუმრო მსოფლიოში, რომლის დიზაინზეც მთლიანად კარლმა იმუშავა. 2014 წელს WWD-სთან ინტერვიუში გერმანელმა დიზაინერმა განაცხადა: “გაბრიელ შანელი ყოველთვის ამბობდა: “მხოლოდ ისეთ კაბებს ვქმნი, როგორებსაც ჩავიცვამდი.” მე კი მარტო ისეთ ოთახებს ვქმნი, სადაც დავიძინებდი.”

სასტუმროს SJM Resorts ფლობს, ჰოლდინგი, რომელთანაც აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად კარლი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა. The Karl Lagerfeld Macau პირველ ვიზიტორებს ივნისის თვეში უმასპინძლებს.