OTB-ს მფლობელობაში არსებულმა ფრანგულმა მოდის სახლმა Maison Margiela-მ გაეტანო სკიუტოს აღმასრულებელ დირექტორად, ხოლო სტეფანო როსოს თავმჯდომარედ დანიშვნა დააანონსა. ახალ თანამდებობებზე ორივე მათგანი პასუხისმგებელი იქნება OTB-ს აღმასრულებელი დირექტორის, უბალდო მინელის, წინაშე.

სკიუტო Maison Margiela-ს Giorgio Armani-დან უერთდება, სადაც ის კომპანიის შეერთებული შტატების განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავდებდა. მანამდე კი Fendi-სთვის მუშაობდა, რომელსაც LVMH ფლობს. Maison Margiela-ში ის ჯანფრანკო ჯანანელის ჩაანაცვლებს, რომელიც მოდის სახლში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლიდან იყო დანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლის გადაწყვეტილება საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული და მას “განსხვავებულ სფეროში” გადასვლა სურდა. სკიუტო ახალი მოვალეობის შესრულებას 17 ივლისიდან შეუდგება.

სტეფანო როსო, რომელიც OTB-ს საბჭოს წევრი და Brave Virtual Xperience-ს აღმასრულებელი დირექტორია, თავმჯდომარის პოსტზე თავის მამას, რენცო როსოს, ანაცვლებს, რომელსაც ეს სტატუსი 21 წლის განმავლობაში ჰქონდა – იმ დროიდან მოყოლებული, რაც 2002 წელს Maison Margiela შეიძინა.

Maison Margiela შემოდგომა 2023 © Gorunway.com / Vogue Runway

Maison Margiela-ს გარდა, OTB ასევე ფლობს: Diesel-ს, Marni-ს, Viktor & Rolf-ს და Diesel-ს. კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6000 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს მისმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – €1.7 მილიარდს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ OTB შედეგებს ცალკეული ბრენდებისთვის არ აქვეყნებს, 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ Maison Margiela-ს ყოველწლიური გაყიდვები 25%-ით, €400 მილიონამდე გაიზარდა.