
2023 წლის იანვარში Zegna-ს ჩვენებაზე დასასწრებად მისული მადს მიკელსენის ფოტოები ინტერნეტს ვირუსულად მოედო და ის ქუჩის სტილის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და მსახიობსა და იტალიურ მოდის სახლს შორის თანამშრომლობამ ოფიციალური სახე მიიღო.
ერთი დღის შემდეგ, რაც მადსი კანის კინოფესტივალზე Zegna-ში ჩაცმული წარსდგა, ბრენდმა დანიელი მსახიობი თავის ახალ გლობალურ ელჩად დაასახელა.

© Michael Buckner / Variety
ფესტივალის გახნის საღამოზე მადსი წითელ ხალიჩაზე და ფილმ “Jeanne du Barry”-ის პრემიერაზე Zegna-ს სპეციალურად მისთვის შექმნილი შავი ფერის სმოკინგით გამოჩნდა და სრულყოფილად წარადგინა ბრენდი, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე, წესებსა და როლებზე დაფუძნებულ სტილს ქმნის.
“მადსი Zegna-ს მარადიული სტილის უნიკალურობას წარმოაჩენს, შესამჩნევი პოზიტიური თავდაჯერებულობით და ფასეულობების ძლიერი შეგრძნებით კი იდეალურად განასახიერებს Zegna-ს თანამედროვე კაცს,” – აღნიშნულია მოდის სახლის განცხადებაში.

© Zegna
მადსის თქმით კი, ის მოხარულია, რომ Zegna-ს ოჯახს ოფიციალურად უერთდება. “ალესანდრო სარტორის თანამედროვე სტილის აღქმა ძალიან შთამაგონებელია, ხოლო მისი დახვეწილი ესთეტიკა – მართლაც ავთენტური. აღმაფრთოვანებს Zegna-ს მიდგომა ხარისხის, ინოვაციისა და შესრულების მიმართ და ძალიან მეამაყება ასეთ საკულტო ბრენდთან თანამშრომლობა,” – განაცხადა მსახიობმა.