მსოფლიოში მოდის უმსხვილესი კონგლომერატი LVMH ყოველწლიურად ახალი ბრენდებისა და დიზაინერების მხარდასაჭერ კონკურსს ატარებს, რომელსაც LVMH Prize-ის სახელით ვიცნობთ. ამ კონკურსის მონაწილეები იყვნენ დღეს აქტუალური დიზაინერების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის: უელს ბონერი, მარინ სერე, სიმონ ჟაკმუსი, ვირჯილ აბლო და დემნა გვასალია.
ცნობილი გახდა LVMH Prize 2021-ის ჟიურის წევრების ვინაობა. ექვს წამყვან დიზაინერთან ერთად, გამარჯვებულებს Louis Vuitton-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დელფინ არნო, LVMH Fashion Group-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სიდნი ტოლედანო და ბერნარ არნოს მრჩეველი ჟან-პოლ კლავერი გამოავლენენ. დიზაინერებს შორის კი ვხვდებით: მარკ ჯეიკობსს, ვირჯილ აბლოს, ჯონათან ანდერსონს, მარია გრაცია კიურის, სტელა მაკარტნის და კიმ ჯონსს.
გასულ წელს პანდემიის შედეგად წარმოქმნილმა ვითარებამ დამწყები დიზაინერებისთვის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის წესების შეცვლა განაპირობა და მის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა, თუმცა პრიზის გარეშე კონკურსის არცერთი მონაწილე არ დარჩა. შედეგად 300,000 ევრო, რომელიც ერთ გამარჯვებულს უნდა გადასცემოდა, გამოვლენილ რვა ფინალისტზე თანაბრად გადანაწილდა.
წლევანდელი კონკურსი 7 სექტემბერს პარიზში, Louis Vuitton Foundation-ში ჩატარდება. გამოვლენილ ცხრა ფინალისტს შორის არიან: Charles de Vilmorin, Rui Zhou, Colm Dillane, Bianca Saunders, Christopher John Rogers, Lukhanyo Mdingi, Conner Ives, Nensi Dojaka და Kika Vargas.