მოდის ყველაზე დიდი კონგლომერატი, LVMH კიდევ ერთ გავლენიან მუსიკოსთან იწყებს თანამშრომლობას. ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი რეპერი და ბიზნესმენი, Jay Z შამპანურის მწარმოებელი ბრენდის, Armand de Brignac-ის 50% წილს LVMH-ზე ყიდის.

რეპერი შამპანურის ბრენდს 2014 წლიდან ფლობს. პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე, წელიწადში, Armand de Brignac-ის 900,000 ბოთლი იყიდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, დღესდღეობით შექმნილმა რეალობამ ჯეი ზის ამ ბიზნესზე შესამჩნევი უარყოფითი გავლენა იქონია.ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ LVMH დაეხმარება ბრენდს კრიზისის ღირსეულად დაძლევაში და შემდგომ, გაზრდაშიც. უნდა ითქვას, რომ ფრანგულ კომპანიას ამ სეგმენტში გამოცდილება აქვს. გარდა ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდებისა, LVMH, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, ფლობს შამპანურის 2 საკმაოდ წარმატებულ ბიზნესსაც, Dom Perignon-ს და Veuve Cliquot-ს.

ფრანგულ კომპანიასთან დაწყებული თანამშრომლობა, შესაძლოა, მართლაც საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჯეი ზის ბრენდი პოპულარულია ამერიკაში, Armand de Brignac-ის შამპანურის წარმოება ხორციელდება საფრანგეთში.