მოდის ინდუსტრიაში კვირა საინტერესო სიახლით დაიწყო. LVMH – მა სტელა მაკარტნის ბრენდში წილი შეიძინა. მოდის ყველაზე დიდმა კონგლომერატმა და ბრიტანელმა დიზაინერმა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავეს, თუმცა ცნობილია, რომ ბრენდში 50%+ წილი კვლავ სტელას მფლობელობაშია. LVMH – ის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს თქმით, სტელასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას გეგმავენ და წინ ბევრი პროექტი აქვთ, რაც მეტწილად მოდის მდგრად განვითარებასთან არის კავშირში. სტელა მოდაში ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით არის დაკავებული. ის ცდილობს ეკო-მოდა უფრო მიმზიდველი გახადოს.
სიახლე განსაკუთრებით დამაინტრიგებელია იმის ფონზე, რომ მაკარტნიმ დამოუკიდებელი ბრენდის სტატუსი სულ რამდენიმე თვეა დაიბრუნდა. 2001-2018 წლებში ბრენდის 50% – ს ქერინგი ფლობდა, LVMH – ის კონკურენტი კომპანია. როდესაც სტელამ ქერინგისგან თავისი ბრენდის 50% შეიძინა, ყველა ფიქრობდა, რომ მაკარტნის კონგლომერატის ნაწილად ყოფნა აღარ სურდა და მზად იყო დამოუკიდებლობისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ვცდებოდით.