ლუის ჰამილტონი და Dior-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორი კიმ ჯონსი უკვე წლებია მეგობრობენ. ერთმანეთი 2016 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე გაიცნეს, როდესაც კიმი კულისებში სტუმრებს ეგებებოდა. მაშინ ის ჯერ კიდევ Louis Vuitton-ის კაცის ხაზზე იყო შემოქმედებითად პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში მათი მეგობრობა გაღრმავდა და დღეს უკვე საქმეში პარტნიორებადაც გვევლინებიან.

ყველა დროის ყველაზე წარმატებული მრბოლელი ფრანგული მოდის სახლის ახალი ელჩია. გარდა ამისა, ლუისმა კიმთან ერთად ახალი კაფსულა კოლექციის შექმნაზეც იმუშავა, რომლის მთავარი ინსპირაციაც აფრიკაა. ცივი სეზონისთვის განკუთვნილი კოლექცია სპორტული, პრაქტიკული და მაღალი მოდის ელემენტებით გამდიდრებულია, მის შესაქმნელად გამოყენებული მასალების 80% კი მდგრადია.

“კიმთან და Dior-ის ნიჭიერ გუნდთან ერთად მუშაობა ახდენილი ოცნებაა,” – განაცხადა Formula 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა. “ჩემთვის პატივი იყო, როდესაც კიმმა მისთვის ამის გაკეთება მთხოვა. ჩვენი ღირებულებები და იდეები ერთმანეთს ეთავსება, რამაც ჩვენი გამოცდილებებით გაჯერებული კრეატიული კოლექციის შექმნა გაამარტივა. თითოუელ ნივთზე მუშაობისას გადაწყვეტილებების გაცნობიერებულად მიღებაზე ვიყავით ორიენტირებული და ნორმებს ვუხვევდით, რასაც ჩემი აფრიკული ფესვებიდან მომდინარე ინსპირაცია ემატებოდა – მათი ქსოვილებიდან, ბუნებრივი მასალების მიმართ არსებული დამოკიდებულებიდან, ასევე მკვეთრი ფერებიდან და ძლიერი ენერგიიდან – ეს პროცესი ძალიან შთამაგონებელი იყო. იმედი მაქვს, ადამიანები, ნებისმიერ ადგილას, თავს კარგად იგრძნობენ სამოსში, რომელიც მზრუნველობით შევქმენით.”

ლუის ჰამილტონის მიწვევით Dior-ისთვის შექმნილი კაფსულა კოლექციის კატალოგი უკვე გამოქვეყნდა, ხოლო მისი შეძენა ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინ 17 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.