პარიზში, UNESCO-ს შენობის სახურავზე ფარელ უილიამსის კრეატიული დირექტორობით Louis Vuitton-ისთვის შექმნილი მორიგი კოლექციის ჩვენება გაიმართა. დროშებით გარშემორტყმული სიმბოლური დატვირთვის მქონე გლობუსის ფონზე წარმოდგენილი კოლექცია ჰუმანურობასა და მრავალფეროვნებას ეძღვნებოდა. ფარელმა მას “Le Monde Est À Vous” ანუ “მსოფლიო შენია” უწოდა. კოლექცია შორიდან დანახული დედამიწის იდეას განასახიერებდა, რაზეც ისიც მეტყველებდა, რომ ფერთა პალიტრა ადამიანების ყველა ტიპის კანის ფერისგან შედგებოდა. ფარელის თქმით, ამ ჩვენებით ადამიანების მიმართ გამოხატა პატივისცემა.

ჩვენების ჩანაწერი

Palais de Tokyo რიკ ოუენსის სითეთრემ მოიცვა. როგორც ამერიკელმა დიზაინერმა განაცხადა, მას ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ წინა სეზონზე თავის ჩვენებაზე დასწრება შეზღუდული იყო. ამჯერად მან გადაწყვიტა, ამის შანსი ყველასთვის მიეცა და პარიზში ყველა სასწავლებელს სთხოვა ყველა ის სტუდენტი და აკადემიური პერსონალი გაეგზავნათ, ვისაც “სიყვარულის თეთრი ატლასის არმიაში” შესვლა სურდა. რიკმა ფენომენალური შოუ მოაწყო, რომლითაც მან “ერთობისა და ერთმანეთზე დაყრდნობის” მნიშვნელობა შეგვახსენა იმ არატოლერანტულობის ფონზე, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. დიზაინერმა კოლექციას ” ჰოლივუდი” უწოდა და ამით პატივი მიაგო ადგილს, სადაც საკუთარი თავი აღმოაჩინა და იქ ნაპოვნ თავისიან ხალხს, “უცნაურებსა და მახინჯებს.”

ჩვენების ჩანაწერი

2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის კიმ ჯონსმა Dior-ისთვის სამხრეთ აფრიკელ კერამიკოს ჰილტონ ნელთან ითანამშრომლა და მასთან ერთად შემოგვთავაზა ჩვენება, რომელსაც კერამიკული კატები და ძაღლები აფორმებდა. დიზაინერს სურდა, რომ კოლექციას კრეატიულ პროცესზე და ამ პროცესის მიღმა მდგარ ადამიანებზე ემეტყველა. სკულპტურული, ჩაცმადი, პრაქტიკული ნამუშევრებისთვის კიმის მთავარი რეფერენსი Dior-ის არქივები და მოდის სახლისთვის წლების განმავლობაში შექმნილი ქალის კოლექციები იყო.

ჩვენების ჩანაწერი